კელი დეგნანი: მე არ ვისურვებდი, რომ საქართველოს დაეკარგა ის ძალა და ხმა, რომელიც მოსახლეობას გააჩნია თავის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში

ჩემთვის ცოტა დამაბნეველია, როდესაც პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომელთაც თავიანთი საქმიანობა დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებში, აკრიტიკებს ამ ორგანიზაციების გაწეულ კარგ სამუშაოს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ელჩის თქმით, ის არ ისურვებდა, რომ საქართველომ დაკარგოს ის ძლიერი ხმა, რომელიც მას აქვს სამოქალაქო საზოგადოებაში.

„არასამთავრობოების შეზღუდვის შეთავაზება ჩემთვის ჟღერდა, როგორც რაღაც კრემლის სახელმძღვანელოდან აღებული, რასაც ვხედავთ, რომ ხდება რუსეთში არასამთავრობოებთან დაკავშირებით. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რისთვისაც მუშაობს საქართველო ბოლო წლების განმავლობაში. ჩემი გამოცდილებიდან, საქართველოში მოგზაურობისას ის რაც ვნახე, არის მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც შესრულდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ, რათა დაეხმარონ მოქალაქეებს ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში. ეს არიან ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ გარემოს პრობლემების მოსაგვარებლად, გასაჭირში მყოფი ოჯახებისთვის სამართლებრივი დახმარების გასაწევად; ეს არიან არასამთავრობოები, რომლებიც ცდილობენ სტუდენტების, ახალგაზრდების, დაუცველი ან შშმ პირების დახმარებას; არიან ძალიან ბევრის სახის არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, რომლებიც შედგებიან ადგილობრივი მცხოვრებებისგან, რომლებსაც სურთ პრობლემების გადაჭრა და ამ ქვეყნისა და საზოგადოების, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გაუმჯობესება.

სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველებს, რომლებიც იკრიბებიან, აყალიბებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ზოგჯერ, ეს ჩემთვის გასაკვირია, რადგან პარლამენტის ბევრი წევრი, მათ შორის მმართველი პარტიიდანაც, მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში, დაიწყეს თავიანთი საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციებში, წვლილი შეჰქონდათ საქართველოს ზრდასა და განვითარებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში მათი კარგი მუშაობით. ასე რომ, ჩემთვის ახლა ცოტა დამაბნეველია, როდესაც მესმის, რომ ზოგიერთი მათგანი აკრიტიკებს იმ კარგ სამუშაოს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ. მე არ ვისურვებდი, რომ საქართველოს დაეკარგა ის ძალა და ხმა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გააჩნია თავის არასამთავრობო ორგანიზაციებში და სამოქალაქო საზოგადოებაში. ეს არის ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი“, – განაცხადა დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები