პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა – ოლივერ ვარჰეიმ, წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად, ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების გზები განიხილეს
საქართველოს პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა – ოლივერ ვარჰეიმ, წამყვანი საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად, ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების გზები განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა პრიორიტეტულია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, გაიმართა მსჯელობა ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის სფეროებსა და სავაჭრო მიმართულებით არსებულ თანამშრომლობის საკითხებზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს პრიორიტეტული პროექტები შავ ზღვაში დაკავშირებადობის მიმართულებით. პრემიერმინისტრის თქმით, ამ სტრატეგიული პროექტების ნუსხა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, ხოლო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს თვისებრივად ახალ დონეზე გადაიყვანს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს, თავისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით. გაფართოებულ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო აგრეთვე ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და მათი იმპლემენტაციის დინამიკა.
ხაზი გაესვა საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ ხელშეკრულებების ამოქმედების შედეგად მოტანილ კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს. შეხვედრას, ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციებთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.