„მე ბევრი ვარ“ – რუსუდან კაიშაურის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება
15 ნოემბერს, 18 საათზე, „კავკასიური სახლის“ იორგ ჰენლეს სახელობის აუდიტორიაში, გაიმართება პოეტ რუსუდან კაიშაურის ახალი კრებულის – „მე ბევრი ვარ“ წარდგენა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი აერთიანებს ავტორის შემოქმედების ძველ და ახალ ნიმუშებს.
ახალი გამოცემის წარდგენას გაუძღვება პოეტი, აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე.
წარდგენაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მწერლები, პოეტები და კრიტიკოსები.
ავტორი და მოწვეული სტუმრები წაიკითხავენ წიგნში დაბეჭდილ სხვადასხვა ლექსს.
წიგნის შესახებ:
პროექტის ავტორი – ნაირა გელაშვილი; რედაქტორი – გიორგი ლობჟანიძე; გამოცემის რედაქტორი – ლეილა სიხარულიძე; დამკაბადონებელი – ნიკოლოზ გელაშვილი; გარეკანის დიზაინი – ნატა ბუტკოვსკა.
ავტორის შესახებ:
რუსუდან კაიშაური დაიბადა 1957 წელის 20 აპრილს თბილისში. დაამთავრა 62-ე საშუალო სკოლა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა განათლების სამინისტროში, თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში.
2001 წლიდან დღემდე მუშაობს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიურ სახლში”. გამოცემული აქვს 4 პოეტური კრებული: „ლექსები”, 2002; „ცოცხების გადაფრენა”, 2004; „სახედრიდან მერნამდე”, 2012.
მისი ლექსები შესულია კრებულ „სატრფიალო პოეზიაში”, თბილისი, 2016; ინგლისურად გამოცემულ კრებულში A House With No Doors („უკარო სახლი“), რომელშიც ათი ქართველი ქალი პორტის შემოქმედებაა წარმოდგენილი, ლონდონი, 2016; გერმანულად თარგმნილ ქართველ პოეტთა ლექსთა კრებულში Die Kartoffelernte – Neue Georgische Lyrik II („კარტოფილის მოსავალი – ახალი ქართული ლირიკა“), ბერლინი 2017; კულტურის სამინისტროს ალმანახში „თანამედროვე საქართველო” (პოეზია და პროზა), თბილისი 2017; გერმანულ ენაზე გამოცემულ ქართველ პოეტთა ანთოლოგიაში – Frauenstimmen aus Georgien – Ich bin viele (ქალთა ხმები საქართველოდან – მე ბევრი ვარ, ლექსები), ლუდვიგსბურგი, 2018. ლექსები შევიდა საფრანგეთში გამოცემულ 15 ქართველ ქალ პოეტთა კრებულში, რომელიც მისი ლექსის „მე ბევრი ვარ” მიხედვითაა დასათაურებული, საფრანგეთი, 2021.
პოეტის ლექსები თარგმნილია რუსულ, აზერბაიჯანულ, ლიეტუვურ, ესტონურ, ჰოლანდიურ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.
მონაწილეობდა საერთაშორისო პოეტურ ფესტივალებში: ლიეტუვა (2010), პოლონეთი (2012), ბათუმი (2013). 2012 წელს მისი ლექსები შევიდა პოეზიისა და პროზის პოპულარიზაციის პროექტ „ოქროს ფონდში”. 2015-18 წლებში მონაწილეობდა კულტურის სამინისტროს პროექტ „ცოცხალ წიგნებში”.
ჰყავს ხუთი შვილი.
მისამართი: გალაკტიონის ქ. #20