იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაარსებული იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. მინისტრმა კონკურსანტებს გამარჯვება მიულოცა და ქვეყანაში საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრსა და მაესტროჺ ვახტანგ კახიძეს, რომელიც მეორე წელია გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას მასპინძლობს. 10 ნომინაციაში გამოვლინდა 11 გამარჯვებული.
კერძოდ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია გადაეცა:
1. გივი ჩიღვინაძეს, ნომინაციაში „საუკეთესო პოეტური წიგნი” – „რითმოცანების წიგნი”, გამომცემლობა მერიდიანი;
2. აკაკი დაუშვილს, ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული წიგნი ყველაზე პატარებისთვის , 3 – 6 წელი” – „ხვლიკი კოსტას ამბები”;
3. სალომე კაპანაძეს, ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული წიგნი პატარებისთვის, 7 – 12 წელი” – „ზღაპრები აფხაზეთზე”;
4. ნატო დავითაშვილს, ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული წიგნი ყმაწვილებისთვის 13+” – „გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა”;
5. ირმა მალაციძესა და მათე გახელაძეს – „ზუზუნები და ღუტუნები” და ია გიგოლაშვილს – „დინოზავრიდან კომპიუტერამდე” (ავტორი ვასო გულეური), ნომინაციაში „საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი”, გამომცემლობა სეზანი;
6. ქეთევან ჯიშიაშვილს, ნომინაციაში „საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი პატარებისთვის, 7 – 12 წელი” – „ღვთისმშობლის ცხოვრება”;
7. ფიქრია ყუშიტაშვილს, ნომინაციაში „საუკეთესო საბავშვო დრამატურგია” – „ცელქი ამბები ანუ სურათები საოჯახო ალბომიდან”;
8. ინგა თეთრაძეს, ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი” – „რატომელა ანუ ცნობისმოყვარე ბიჭი”, გამომცემლობა „ელფი”;
9. მთარგმნელ არჩილ რაჭველს, ნომინაციაში „საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი” – „ბანდიტი ბებია”, გამომცემლობა „პალიტრა L “, ავტორი დევიდ უოლიამსი;
10. მანანა კატროზიას, ნომინაციაში „საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი” – „წიგნების სერია ბავშვობის თანამგზავრები” , გამომცემლობა „სეზანი”.
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა 5000 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) შეადგენს. საღამოს რეჟისორი გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ საბაშვილი გახლდათ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლმა „მართვემ”, ვაჟთა გუნდმა „მძლევარმა” და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეებმა. დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე ცენტრის ფოიესა და მცირე დარბაზში თეატრალური წარმოდგენა გაიმართა.
მაყურებელი „ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა კონცერტსაც დაესწრო. ასევე, გამოიფინა საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმსა და იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში დაცული მწერლის პირადი ნივთები. საღამოს უძღვებოდნენ მსახიობები რუსკა ქარქაშაძე და გიგო შიუკაშვილი. სცენის გაფორმებაში თბილისის მერიამ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლიტერატურული კონკურსი „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის” მოსაპოვებლად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს” ორგანიზებით მეორე წელია იმართება.
კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა. იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა და მის ფარგლებში „შემოქმედებით საქართველოს” 50-მა განმცხადებელმა მომართა.