რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
“რეკრუტთა მესამე საწვრთნელი ასეულის პირადმა შემადგენლობამ ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში დადო (BCT)”,- ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, რეკრუტებმა ჯარისკაცის მრწამსიც წაიკითხეს და საქართველოს თავდაცვის ძალებს შეურთდნენ.
“სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და ცენტრის ხელმძღვანელობასა და ინსტრუქტორებს რეკრუტების მომზადებისთვის მადლობა გადაუხადეს. ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემაც.
ფიცის დადებამდე რეკრუტებმა ათკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადება გაიარეს, რომლის განმავლობაში ტაქტიკურ, სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, კავშირგაბმულობის მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და საჯარისო წესდებები შეისწავლეს. დღეიდან ისინი თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.
ფიცის დადების ცერემონიას თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ. მოგვიანებით მოსწავლეებისთის ღია კარის დღეც მოეწყო. ბავშვებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს, ბაზის ინფრასტრუქტურა, გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერებინეს და სხვადასხვა აქტივობა ერთობლივად შეასრულეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები სასადილოსაც ესტუმრნენ, სადაც „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.