სავალუტო ფონდი საქართველოს 140 მილიონ დოლარამდე ტრანშს გამოუყოფს

  საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 140 მილიონ დოლარამდე ტრანშს გამოუყოფს. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, თანხას საქართველო 3 წლის განმავლობაში მიიღებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული Stand-By Arrangement (SBA) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ტრანშების გამოთხოვის შესახებ საკითხი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.
”SBA სპეციალური ნასესხობის უფლებას ნიშნავს. საუბარია დაახლოებით 140 მილიონ დოლარზე, რომელსაც 3 წლის განმავლობაში მიიღებს საქართველო. ამ თანხის ნაწილი ბიუჯეტში ჩაირიცხება, ნაწილი – შეიძლება მოხმარდეს ეროვნული ბანკის რეზერვების გაზრდას”, – განაცხადა ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე განმარტებით, ეს არ არის დამატებითი სესხი და მისი აღება ჯერ კიდევ შარშან იყო გათვალისწინებული.
“ეს არ არის ფისკალურად მნიშვნელოვანი, ეს არის მორალური მხარდაჭერა და იმის დადასტურება, რომ საქართველოს ეკონომიკა ვითარდება სწორად და ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი. ეს არის ის, რაც ჩვენ გათვალისწინებული გვქონდა გასული წლის შემოდგომაზე, როცა მიმდინარე წლის ბიუჯეტზე ვმუშაობდით”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები