მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიაში EHL-ის სტუმარმასპინძლობის ბიზნესსკოლის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფება, სადაც შეხვედრა გამართა EHL-ის ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, მიშელ როშასთან და EHL-ის სტუმარმასპინძლობის ბიზნესსკოლის მმართველ დირექტორთან, ანდრე მაკთან.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
კერძოდ, საუბარი შეეხო ლოზანას EHL-ის სტუმარმასპინძლობის ბიზნესსკოლასთან თანამშრომლობით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საკითხებს.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მიმდინარეობს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციაზე აქტიური მუშაობა, რაც გულისხმობს მსოფლიოს საუკეთესო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და სასწავლო პროცესში წამყვანი უცხოელი სპეციალისტების ჩართულობას. ამ მიმართულებით კი მსოფლიოში საუკეთესო EHL-ის სტუმარმასპინძლობის ბიზნესსკოლასთან თანამშრომლობა და მისი გამოცდილების გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ის მოხარული იქნება, თუ EHL-ის სტუმარმასპინძლობის ბიზნესსკოლა საქართველოს პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის მიზნით. თავის მხრივ, EHL-ის ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ – მიშელ როშამ და EHL-ის სტუმარმასპინძლობის ბიზნესსკოლის მმართველმა დირექტორმა – ანდრე მაკმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრას შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – რევაზ ლომინაძე ესწრებოდა.
EHL-ის სტუმარმასპინძლობის ბიზნესსკოლა 1893 წელს დაარსდა და დღეისათვის აღიარებულია მსოფლიოში საუკეთესო უმაღლეს სკოლად სტუმარმასპინძლობის სფეროში. სასწავლებლის ბიზნესის მართვის კურსდამთავრებულები საქმიანობას აგრძელებენ მაღალი კლასის სასტუმროების ქსელებში, რესტორნებსა და ტურიზმის სხვადასხვა სფეროში. სტუმარმასპინძლობის უმაღლესი სკოლის ბაზაზე მდებარეობს ღვინის დეგუსტაციის დარბაზი და რამდენიმე სასწავლო რესტორანი, რომელიც სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობით ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები