რატი ბრეგაძე: „კლანი“, „კლანური მმართველობა“ და მსგავსი ტიპის შეურაცხმყოფელი განცხადებები სასამართლოს მიმართ ჩემთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება დაუშვებელი
„კლანი“, „კლანური მმართველობა“ და მსგავსი ტიპის შეურაცხმყოფელი განცხადებები სასამართლოს მიმართ ჩემთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება დაუშვებელი”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში სასამართლო ბევრად უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე ადრე იყო.
„რაც შეეხება სიტყვა „კლანს“ და „კლანურ მმართველობას“, დაუშვებელია მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენება სასამართლო ხელისუფლების მიმართ და ცალსახად შეიძლება, ითქვას, რომ სასამართლო რეფორმა წარმატებით გატარდა და კიდევ გრძელდება. საქართველოში სასამართლო არის ბევრად უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე იყო ადრე. თუკი რაიმე სახის გამოწვევა არსებობს სასამართლო სისტემაში და ბუნებრივია, იარსებებს, ისევე – როგორც სხვა სისტემაში, ამ გამოწვევების ერთობლივად უნდა გავუმკლავდეთ. მსგავსი ტიპის შეურაცხმყოფელი განცხადებები სასამართლოს მიმართ ჩემთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება დაუშვებელი. როდესაც საუბრობთ სასამართლო ხელისუფლებაზე, აუცილებლად უნდა ნახოთ გადაწყვეტილებების სტატისტიკა, გამამართლებელი განაჩენების ოდენობა, ასევე, რამდენად აქვს ინდივიდს შანსი სახელმწიფოს წინაშე მოიპოვოს გამარჯვება. ეს ყველაფერი უნდა ნახოთ და მერე ვიმსჯელოთ. სხვა ყველაფერი არის ტენდენციური საუბარი, დაუსაბუთებელი, რომელიც კერძო პირების ინტერესებს ემსახურება. მე არ მინდა, ამ დიალოგებში შევიდე“, – განაცხადა ბრეგაძემ.