თეთრი სახლი უკრაინას მხარდაჭერას კონგრესის არჩევნების შემდეგაც ჰპირდება
აშშ უკრაინის მხარდაჭერას კონგრესის 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგების მიუხედავად გააგრძელებს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
“დარწმუნებულნი ვართ, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინისადმი იქნება ურყევი. ეს არის ის, რისიც გვჯერა და ასე ვხედავთ მომავალში. თქვენ ნახეთ, რომ ჯეიკ სალივანმა იგივე თქვა კიევში ყოფნისას, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მთელ რიგ სფეროებში, იქნება ეს უსაფრთხოება, ეკონომიკური დახმარება თუ ადამიანის უფლებების დაცვა“, – განაცხადა ჟან-პიერმა.
მისი თქმით, კონგრესის წევრებმა – რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა – მკაფიოდ განაცხადეს აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
„ნებისმიერი სცენარის მიხედვით, პრეზიდენტი ბაიდენი მოწოდებულია – იმუშაოს ორპარტიული წესით, როგორც ამას აკეთებდა უკრაინის მხარდასაჭერად“, – დასძინა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
დღეს აშშ-ში შუალედური არჩევნებია, რომლის შედეგად კონგრესში ძალთა ბალანსი, სავარაუდოდ, შეიცვლება.
ჯო ბაიდენი ბოლო ორი წლის განმავლობაში კონგრესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობდა: წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატიული პარტიას ეკუთვნოდა, ხოლო სენატში, სადაც ხმები ნაწილდებოდა ზუსტად 50/50-ით, სადავო კენჭისყრის დროს, ბოლო სიტყვა ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს ეკუთვნოდა.
რესპუბლიკური პარტიის რიგებში უკრაინისადმი მხარდაჭერის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.
მაგალითად, 4 ნოემბერს კონგრესმენმა ჯორჯიის შტატიდან, მარჯორი ტეილორ გრინმა თქვა, რომ, კონგრესში რესპუბლიკელების დომინირების შემთხვევაში, უკრაინა “ვერცერთ ცენტს” ვერ მიიღებს.
თუმცა, რესპუბლიკელების უმეტესი ნაწილი გამონათქვამებში ასეთი რადიკალური არ არის. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ამჟამინდელმა ლიდერმა, კევინ მაკკარტიმ თქვა, რომ, ძალთა ბალანსის შეცვლის შემთხვევაში, “ჩეკების დაზუსტების გარეშე”, მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციის თხოვნის საფუძველზე, უკრაინის მხარდაჭერა არ მოხდება. მაკკარტი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური კრიზისი და რიგი სხვა საკითხები უნდა იყოს, “თუმცა, უკრაინა მნიშვნელოვანია”.
ამავდროულად, პირიქით, სენატში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა ორი კვირის წინ ჯო ბაიდენს უკრაინის დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა, რომელიც გულისხმობს, მათ შორის, „დამატებითი საჰაერო თავდაცვის მიწოდებას, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ მხარდაჭერას“.