კრემლთან კავშირში მყოფი პეტერბურგელი ბიზნესმენი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა და მომავალშიც ჩაერევა.
ამის შესახებ მან The New York Times-ში გამოქვეყნებული იმ სტატიის კომენტირებისას თქვა, რომლის თანახმადაც აშშ-ის შუალედური არჩევნებისთვის შეინიშნება, სავარაუდოდ რუსეთთან კავშირში მყოფი “ბოტების ფერმის” გააქტიურება.
„მე თქვენ გიპასუხებთ ძალიან დახვეწილად, დელიკატურად და ბოდიშის მოხდით, დავუშვებ გარკვეულ ორაზროვნებას. ბატონებო, ჩვენ ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით. ფრთხილად, სიზუსტით, ქირურგიულად, ჩვენებურად, როგორც გვჩვევია. ჩვენი წერტილოვანი ოპერაციების დროს, მოვკვეთთ ერთდროულად ორივე თირკმელს და ღვიძლს“, – ნათქვამია პრიგოჟინის განცხადებაში, რომელიც მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.
რუსეთს აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში 2014 წლიდან ადანაშაულებენ, მათ შორის ინტერნეტტროლებს მეშვეობითაც. ასევე, იყო ცნობები მათი თავდასხმების შესახებ დიდ ბრიტანეთში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში.
პრიგოჟინი აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო სანქციათა სიაშია შეყვანილი და გამოძიების ფედერალური ბიურო მიერ არის ძებნილი. ის მიიჩნევა სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ მფლობელად, რომელიც ასევე „ტროლების ფაბრიკის“ სახელით არის ცნობილი. თავად ევგენი პრიგოჟინი არ ადასტურებს და არც უარყოფს “ქარხანასთან” თავის კავშირს.