საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია
ევროპის საბჭოში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პირადად მასპინძლობს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღესვე საქართველოს პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.
“მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“, რომელიც ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება.
წელს დემოკრატიის ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა და ამ საკითხის გადაჭრისათვის შესაბამისი გზების მოძიება წარმოადგენს.
საფრანგეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან და ისლანდიის პრემიერმინისტრ კატრინ იაკობსდოტირთან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.