„ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტის მიღებით მოსახლეობისთვის უსაფრთხო, სისხლსა და სისხლის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის სტაბილური გარანტიები შეიქმნება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ” თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტები კომიტეტის სხდომაზე მუხლობრივად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.
მისი ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის განხილვა პირველ მოსმენამდე ფართო მასშტაბით განხორციელდა, რა დროსაც ბევრი საყურადღებო წინადადება გამოითქვა და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გათვალისწინებულია.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პროექტში არსებითი ხასიათის ცვლილებები არ შესულა.
მისივე თქმით, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის რეკომენდაციით, თანმდევ, რამდენიმე კანონპროექტში მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური ხასიათის ცვლილება განხორციელდა. სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ კანონპროექტის მიღებით მოსახლეობისთვის უსაფრთხო სისხლსა და სისხლის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის სტაბილური გარანტიები შეიქმნება. მნიშვნელოვან სიახლეს სრულ უანგარო დონაციაზე გადასვლა წარმოადგენს. პროცესის წარმართვისა და კანონპროექტის სრულად ამოქმედებისთვის 2.5 წელია განსაზღვრული. კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტის მიღება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, თუმცა აქვე ყურადღება იმ პრობლემაზეც გაამახვილეს, რაც პერიოდულად იჩენს თავს და სისხლის დეფიციტს უკავშირდება. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვლადიმერ კახაძის განცხადებით, სასურველია საკითხი თემატური მოკვლევის საგანი გახდეს. სხდომაზე საკითხი კანონის აღსრულებასთან დაკავშირებითაც წამოიჭრა. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია აღსრულების ნაწილის ხელშეწყობა.

„შემოთავაზებულია ძალიან სერიოზული ცვლილება, რასაც შემდეგ დასჭირდება მთელი რიგი აღმასრულებელი მექანიზმების დანერგვა იმისთვის, რომ რეალურად მოდელი გაიმართოს. ამდენად, ძალიან ეფექტურია ჩვენთვის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს გამოცდილება, რომელიც ამ ფორმატში უკვე არსებობს და უკავშირდება თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების პროცესს. კარგი იქნება, გარდამავალ პერიოდში, უკვე საბჭომ აიღოს თავისთავზე ის ფუნქცია, რომ გარკვეულწილად გაუწიოს ზედამხედველობა ამ პროცესს და ის აღმასრულებელი მექანიზმები, რომელთა შემუშავებაც ჩვენი მხრიდან უკვე დაწყებულია, პერიოდულად განვიხილოთ ამ ფორმატში. შესაბამისად, მზად დავხვდებით იმ დროს, როცა ეს კანონმდებლობა უკვე 2025 წლიდან მთლიანად უნდა შევიდეს ძალაში. მოსამზადებელ ფორმატში აქტიური, ერთობლივი მუშაობა იქნება მნიშვნელოვანი”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძის განცხადებით, კომიტეტი მზად არის სამინისტროსთან თანამშრომლობისათვის, რათა ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება დროულად და გამართულად მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები