თავდაცვის მინისტრის მოადგილე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე – გრიგოლ გიორგაძე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სასულიერო პირებთან საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და კავშირის „21-ე საუკუნე“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა მიზნად ისახავდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით ეკლესიის ჩართულობასა და ინფორმაციის გაცვლას.

გრიგოლ გიორგაძემ ისაუბრა საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის თანამშრომლობაზე ნატო-სთან სამხედრო კუთხით და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლემენტაციის პროცესზე. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე, ასევე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) როლსა და შესაძლებლობებზე.

გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, რაც დადებითად ფასდება ნატო-სა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების მიერ. თელავში გამართულ ღონისძიებას ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი – თამარა წულეისკირი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი – ალექსანდერ ვანიკოვი, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები