თურქეთში მიწისძვრამ ხალხში პანიკა გამოიწვია, არიან დაშავებულები

თურქეთის დასავლეთ პროვინცია იზმირში 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, სულ მცირე სამი ადამიანია დაშავებული.

ამის შესახებ გამოცემა Hurriyet Daily New წერს.

აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ბიძგები გამთენიისას, ადგილობრივი დროით 03:29 საათზე დაფიქსირდა.

როგორც სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ დაწერა, სამი ადამიანი პანიკაში სიმაღლიდან გადახტომის დროს დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

იზმირის მერმა, თუნჩ სოიერმა თქვა, რომ მიწისძვრას სერიოზული დაზიანება არ გამოუწვევია, თუმცა ერთ-ერთი მეჩეთის მინარეთი ჩამოინგრა.

„ხალხში პანიკის, შიშის და შფოთვის გარდა, რაიმე უარყოფითი შეტყობინება არ მიგვიღია“, – თქვა სოიერმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს იზმირში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც 117 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები