უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში „ბინძური ბომბის“, სავარაუდო არსებობის შესახებ IAEA-ს დასკვნას გამოეხმაურა. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ “უკრაინის სამ ბირთვულ ობიექტზე ჩატარებული საველე შემოწმების შედეგად, ე.წ. ბინძური ბომბის დამზადების ნიშნები არ აღმოჩნდა”.
ზელენსკის თქმით, ერთადერთი ბინძური რამ, რაც რეგიონშია – რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობაა.
ამის შესახებ მან ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა.
“ჩვენ მოვიწვიეთ IAEA, რათა ყველაფერი შეემოწმებინათ. მათ მოქმედების სრული თავისუფლება მივეცით შესაბამის ობიექტებზე და გვაქვს ნათელი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინაში არავის შეუქმნია და არ ქმნის არანაირ ”ბინძურ ბომბს”. და ერთადერთი, რაც არის ბინძური ჩვენს რეგიონში -მოსკოვში მყოფი თავებია, რომლებმაც, სამწუხაროდ, ხელში ჩაიგდეს რუსეთის სახელმწიფოზე კონტროლი და უკრაინასა და მთელ მსოფლიოს ატერორებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.