უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, თუ მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაესწრება.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა კიევში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან აღნიშნა, „დიდი ოცეულის“ სხვა წევრების მონაწილეობას თვალს არ ადევნებს.
„ჩემი პირადი და უკრაინის პოზიციაა, რომ თუ რუსეთის ფედერაციის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას, მაშინ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა მომავალი სამიტისთვის ემზადება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დღეს სამიტისთვის მზადების საკითხი მასპინძელი ქვეყნის, ინდონეზიის პრეზიდენტთანაც განიხილა.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვპატიჟეს. კიდევ ვნახავთ, რამდენიმე დღე დარჩა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.