ანრი ოხანაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მამალაძის ბრალეულობის საკითხი სავსებით სწორად იყო განსაზღვრული, დარღვევა დაადგინა რამდენიმე პროცედურულ საკითხზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მსჯავრდებულ მამალაძეს სრულად ჰქონდა უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება. მისთვის ბრალეულობის საკითხი სავსებით სწორად იყო განსაზღვრული.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან კითხვის ნიშნები პროცედურულ საკითხებს შეეხება და რამდენიმე პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით დადგინდა დარღვევა.

„დღეს გამოცხადდა და საჯარო გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადგინა, რომ მსჯავრდებულ მამალაძეს სრულად ჰქონდა უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება. მისთვის ბრალეულობის საკითხი სავსებით სწორად იყო განსაზღვრული. ეს შესაბამისი მტკიცებულებებით იყო გაჯერებული და მთლიანობაში, ამ პირის მსჯავრდებასთან და ბრალეულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დასმულა.

სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნები სადაც დასვა, ეს შეეხება პროცედურულ საკითხებს, ცალკეული სახის საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. ასევე, სასამართლო სხდომის დახურვასთან დაკავშირებით იყო საუბარი, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა, შეიძლებოდა თუ არა, უფრო მსუბუქი ღონისძიება ყოფილიყო გამოყენებული, რომ არა სასამართლო სხდომის დახურვა. რამდენიმე პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით დადგინდა დარღვევა. მთლიანად, შინაარსობრივად პირის ბრალეულობასთან და მის მსჯავრდებასთან დაკავშირებით სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილებების შინაარსობრივი მხარე გაიზიარა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საჩივარი დასაშვებად ცნო. როგორც სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება სამხილების მოპოვება-გამოყენების ნაწილში არ დარღვეულა, დაირღვა სასამართლოს დახურვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები