ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ ვიღაცას უფლება აქვს, გაძარცვოს ტელევიზია და ამაზე კანონი არ რეაგირებდეს, არ მგონია, ევროპული ან ამერიკული მიდგომა იყოს
“ის, რომ ვიღაცას უფლება აქვს, გაძარცვოს ტელევიზია და ამაზე კანონი არ რეაგირებდეს, არ მგონია, რომ არის ევროპული ან ამერიკული მიდგომა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს და ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, მედიაში მსგავსი ქმედებები შემაშფოთებელია.
„შეშფოთება მესმის, მაგრამ ამავდროულად გვინდა, გვესმოდეს კონკრეტული ფაქტები, რით არის ეს შეშფოთება გამოწვეული. ის, რომ ვიღაცას უფლება აქვს უკანონოდ მიიტაცოს, გაძარცვოს ტელევიზია და ფინანსები გადმოქაჩოს და ამაზე კანონი არ უნდა რეაგირებდეს, არ მგონია, რომ ეს არის ევროპული ან ამერიკული მიდგომა. ზოგადად, შემაშფოთებელია, როცა მედიაში ასეთი ამბები ხდება, მაგრამ არსებობს კიდევ ამ ქვეყანაში კანონიც და სასამართლოც”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება.
აშშ-ის საელჩოს განცხადების თანახმად კი, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.