ევროკომისიამ შვიდ წევრ სახელმწიფოს უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის დამატებით 100 მილიონი ევრო გამოუყო.
ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
“გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 9 აპრილს „დაუჭირე მხარი უკრაინას“ ღონისძიების შემდეგ, რომლის შედეგად ევროკომისიამ აიღო ვალდებულება, გამოყოს 400 მილიონამდე ევრო ყველაზე დაზარალებული წევრი ქვეყნების დასახმარებლად, რომლებმაც უკრაინელი ლტოლვილები შეიფარეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
248 მილიონი ევროს ოდენობის გადაუდებელი დახმარების პირველი ტრანში მაისში გამოიყო და გადაეცა პოლონეთს, რუმინეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს და ჩეხეთს.
მეორე ტრანში გადაეცემა პოლონეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, ბულგარეთს, ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას.
წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, გამოიყენონ ეს თანხები ლტოლვილებისთვის დაუყოვნებელი დახმარების გასაგრძელებლად, როგორიცაა საკვები, ტრანსპორტი და დროებითი საცხოვრებელი.
ეს თანხები ასევე შეიძლება, გამოყენებული იყოს ლტოლვილების ინტეგრაციის შესაძლებლობის მხარდასაჭერად.
დარჩენილი 52 მილიონი ევრო, შემდეგ ეტაპზე, მოხმარდება ახალ საჭიროებებს, როგორიცაა საცხოვრებლების უზრუნველყოფის პროექტი, ხარისხიანი ფსიქოლოგიური პირველადი დახმარება, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და ლტოლვილების ფსიქოსოციალური მხარდაჭერა.