„ვერც არმიით და ვერც ტერორით ვერ შეძლებს რუსეთი უკრაინის დაპყრობას“ – ზელენსკი

რუს ტერორისტებს არ აქვთ ისეთი რაკეტები, რომლებიც უკრაინის სიცოცხლის, ცივილიზებულად ცხოვრების და ერთმანეთზე ზრუნვის სურვილს მოხვდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ვერც არმიით და ვერც ტერორით ვერ შეძლებს უკრაინის დაპყრობას.

„ამ დროისთვის, იმ რეგიონებში, სადაც დღეს რუსული რაკეტები მოხვდა, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. ყველაფერს ვაკეთებთ წყლისა და ენერგომომარაგების აღსადგენად. დღეს ძალიან კარგად იმუშავეს ჩვენმა საჰაერო ძალებმა და ყველამ, ვინც ჩართულია ცის დაცვაში. ობიექტების უმეტესობა, რომლებიც ტერორისტების სამიზნე იყო, გადაარჩინეს. დღეს დილით ტერორისტებმა მასირებული დარტყმისთვის 55 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს, საიდანაც 45 ჩამოგდებულია.

ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვას. თუმცა ახლაც ტერორისტებს უწევთ სულ მცირე ოთხჯერ მეტი რაკეტის დახარჯვა, რათა მიზანს მოახვედრონ. კიდევ უფრო ცუდი მაჩვენებელია დრონებთან დაკავშირებით, მათ შორის ირანიდან მათი მოკავშირეების მიერ მიწოდებულ დრონებთან. ამას ხედავს მსოფლიო. ვხედავთ, რომ „მსოფლიოს მეორე არმია“ უკვე თავისი ეფექტიანობით ოცდამეორეც აღარ არის. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან მეორე ასეულში გადაინაცვლოს. ეს ასე იქნება. რუს ტერორისტებს არ აქვთ ისეთი რაკეტები, რომლებიც უკრაინის სიცოცხლის, ცივილიზებულად ცხოვრების და ერთმანეთზე ზრუნვის სურვილს მოხვდება. ვერც არმიით, ვერც ტერორით რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინის დაპყრობას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები