აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერები სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერები სოჭში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება შეთანხმებების შესრულებაზე აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ყოვლისმომცველი ნორმალიზაციის, მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე.

ამასთან, აღინიშნა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ძირითადი წვლილი მისი განლაგების ზონაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს რუსი მშვიდობისმყოფელების ძალისხმევის აუცილებლობას რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.

„მხარეები შეთანხმდნენ ძალის გამოყენებისა ან მისი გამოყენების მუქარისგან თავის შეკავებაზე, ყველა პრობლემური საკითხის მხოლოდ ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის საფუძველზე გადაჭრაზე. ასევე ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი შეთანხმების გაფორმებისთვის აქტიური მზადების მნიშვნელობას რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ ურთიერთმისაღები გამოსავლის ძიება.

აქცენტი გაკეთდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოზიტიური ატმოსფეროს ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე საზოგადოების, საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს და რელიგიურ ლიდერებს შორის რუსეთის ხელშეწყობით დიალოგის გასაგრძელებლად; ასევე პარლამენტთაშორისი სამმხრივი კონტაქტების დაწყების მნიშვნელობაზე.

აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები მიესალმნენ რუსეთის მზადყოფნას, მომავალში ყველა ზომით გააგრძელოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობა, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები