არჩილ თალაკვაძე – 3 პარტიის განცხადებაზე: მობრძანდნენ პარლამენტში, კითხვებიც დასვან და დებატებშიც მიიღონ მონაწილეობა
ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი. მობრძანდნენ პარლამენტში, კითხვებიც დასვან და დებატებშიც მიიღონ მონაწილეობა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი მეტი თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა.
საუბარია სამი პარტიის მიერ გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბრიუსელში უკვე ფიქრობენ, „ქართულ ოცნებაში“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნება არ არსებობს.
ამასთან, მიმართვაში ნათქვამია, რომ, ძალიან მაღალი ალბათობით, არანაირი სტატუსი არ იქნება არც მომავალი წლის ბოლოს.
“არც 31 კითხვა მოგვისმენია და არც პოლიტიკური დებატების განხილვა ამ ჯგუფს არ შეუძლია. ამიტომ, როცა პარლამენტში არიან, სხდომებს არ ესწრებიან და გარედან, ქუჩიდან იმუქრებიან კითხვებით, ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი. მობრძანდნენ პარლამენტში, კითხვებიც დასვან და დებატებშიც მიიღონ მონაწილეობა”,- განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, თალაკვაძე აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ერთ-ერთ ინტერვიუს დროს წამოსცდა, თითქოს, ევროპაში მოისმინა, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა ომის არდაწყებას უკავშირდება.
“ეს შემაშფოთებელი გზავნილი იყო და აუცილებლად უნდა აუხსნას საზოგადოებას, თუ კონკრეტულად რომელ შეხვედრაზე, ევროკავშირში სად მოისმინა ეს განმარტება, რომ უარი უთხრეს სტატუსზე საქართველოს იმის გამო, რომ ომში არ ჩაერთო. ეს კომენტარი, სხვათა შორის, ემთხვევა “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ასევე სატელიტი პარტნიორების განცხადებებს საზღვარგარეთ. როგორც ჩანს, ჯაფარიძის წამოცდენა-კომენტარი არ არის იზოლირებული და უნდა გააკეთოს დამატებით განმარტებები, ევროკავშირის რომელ შეხვედრაზე მოისმინა ასეთი რამ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.