“ევროკავშირში მოქმედ 31 ათას კომპანიას რუსეთი აკონტროლებს” – ევროკომისია

ევროკავშირის ტერიტორიაზე თითქმის 31 000 კომპანიაა, რომელთა ბენეფიციარი მფლობელები წარმოშობით რუსეთიდან არიან.

ამის შესახებ Spiegel​-ი ევროკომისიაზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნულია, რომ რუსეთთან ასოცირებული ევროპული კომპანიების უმეტესობა, ძირითადად, უძრავი ქონების, სამშენებლო და სასტუმროს ბიზნესშია წარმოდგენილი, ასევე, ფინანსურ და ენერგეტიკულ სექტორებში.

ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ 31 000 კომპანიიდან, სულ მცირე, 1 400 ბოლო დროს დაწესებულ სანქციებში მოხვდა.

ამავე დროს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგიერთმა ოლიგარქმა შესაძლოა, დამალოს საკუთარი საკუთრება ან კონტროლი კომპანიებზე, მესამე ქვეყნებში რეგისტრირებული შუამავალი კომპანიების ან ადგილობრივი ნომინირებული აქციონერების მეშვეობით.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ ბენეფიციარი მესაკუთრეთა აქტივების გაყინვა გამჭვირვალობის წესების ეფექტურ აღსრულებას მოითხოვს. გარდა ამისა, საჭიროა ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესება და საგადასახადო ორგანოებისთვის დამალული აქტივების “ადეკვატური“ იდენტიფიკაცია და მონიტორინგი.

მოხსენების თანახმად, ბლოკის შიგნით ჯერ კიდევ მარტივია ისეთი კომპანიების შექმნა, რომლებიც გამოიყენება „არაგამჭვირვალე ტრანზაქციებით ასობით მილიონი ევროს გადასატანად“. ეს ფული, შესაძლოა გამოყენებული იყოს, როგორც პირადი გამდიდრებისთვის, ასევე ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის.

”ამგვარად, უკანონო ფულის ნაკადების გამოვლენა არა მხოლოდ ხელს უწყობს დემოკრატიის დაცვას და ევროკავშირის მოქალაქეთა უსაფრთხოებას, არამედ ავტოკრატიების გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას”, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები