ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შექმნილმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფმა ბოლო, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სამი თვის განმავლობაში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ცხრა სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის შედეგადაც შესაბამისი დოკუმენტი მომზადდა. მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტში, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით, კონკრეტული წინადადებები და აქტივობები დეტალურად გაიწერა და მათ შესრულების ვადები განისაზღვრა.

„სამუშაო შეხვედრებზე ისეთი მიმართულებები დავფარეთ, როგორიც არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების, მათ შორის, ქურდული სამყაროს და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ ბრძოლა, ტრეფიკინგი და ფულის გათეთრება, კიბერ და ნარკოდანაშაული. დოკუმენტი შეიცავს ისეთ ნაბიჯებს როგორიც არის საკანონმდებლო ცვლილებები, სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემუშავება. ასევე, შესაბამისი უწყებების ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით გადასადგმელი ნაბიჯები, რაც მოიცავს ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, მათი შესაძლებლობების განვითარებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომ გაუმჯობესებას, ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და პრევენციულ ღონისძიებებს. აღნიშნული დოკუმენტი უახლოეს დღეებში თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს წარედგინება და მის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობას საქართველოს პარლამენტი განახორციელებს”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები