ნინო იობაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ქალი პარლამენტარების არაფორმალური პლატფორმის საინაუგურაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა, ნინო იობაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ქალი პარლამენტარების არაფორმალური პლატფორმის საინაუგურაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ონლაინ ფორმატში შეხვედრისას, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ქალმა დეპუტატებმა იმსჯელეს აღნიშნული ფორმატის მიზნებზე და სამომავლო გეგმებზე რათა ერთი მხრივ, გამოიკვეთოს გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეული პროგრესი მეორე მხრივ კი, ის პრობლემური მიმართულებები, რომლებიც გენდერული თანასწორობის სრული მოცულობით იმპლემენტაციას უშლის ხელს. სიტყვით გამოსვლისას, ნინო იობაშვილმა საქართველოს დღის წესრიგში ძალიან მაღალ ნიშნულზე არსებულ გენდერული თანასწორობის პოლიტიკაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი პუნქტი სწორედ, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით სამუშაოების კიდევ უფრო გააქტიურებას მოიცავს. გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტში შექმნილ ფემიციდთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს. ასევე, ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მიმდინარეობს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ქალი პარლამენტარების არაფორმალური პლატფორმა გენდერულ საკითხებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის, ჰედი ფრაის ინიციატივით დაფუძნდა, რომლის მთავარი მიზანია გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით დისკუსიების წარმართვა და ამ კონტექსტში საერთო ვითარების გაუმჯობესების ხელშეწყობა.