კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენის გარიგება დახურა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა.
Financial Times-ის ინფორმაციით, Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პარაგ აგრავალმა და ფინანსურმა დირექტორმა, ნედ სიგალმა კომპანიაში თანამდებობები უკვე დატოვეს.
BBC წერს, რომ Twitter-ის შეძენის გარიგება 28 ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასკს სასამართლო პროცესი ელოდა, რომელშიც მისი გამარჯვების შანსები დაბალი იყო.
როგორც NYSE-ის საიტზეა ნათქვამი, გამომდინარე იქიდან, რომ Twitter-ი კერძო პირების ხელში გადავიდა, სოციალური ქსელის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობიდან მოიხსნება.
მასკმა ადრე პირობა დადო, რომ Twitter-ში სამუშაო ადგილებს და ხარჯებს შეამცირებს, სოციალურ ქსელს კი უფრო ინოვაციურს, მეგობრულსა და სტუმართმოყვარეს გახდის. ბიზნესმენის მტკიცებით, პლატფორმის მიმართ მისი ინტერესი ფულის გამომუშავებას არ უკავშირდება.
მასკი ასევე აპირებს პლატფორმაზე კონტენტის მოდერაციის წესების შემსუბუქებას და ბლოკირების მოხსნას, მათ შორის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის.
სავარაუდოდ, ილონ მასკი კომპანიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იქნება მანამ, სანამ ის ახალ მენეჯმენტს დააკომპლექტებს.
ერთი დღით ადრე ის Twitter-ის შტაბ-ბინაში, სან-ფრანცისკოში თანამშრომლებთან შესახვედრად მივიდა. მან ასევე უთხრა ზოგიერთ თანამშრომელს, რომ არ აპირებდა სამუშაო ადგილების 75%-ის შემცირებას, როგორც ამას ზოგიერთი მედიასაშუალება წერდა.