უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, თუ რატომ არ განიხილავს უკრაინა ამჟამად რუსეთთან მოლაპარაკებებს.
უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც You Tube-ზე გამოქვეყნდა.
ზელენსკის თქმით, ფაქტობრივად, რუსეთი არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებებით, რადგან მას კვლავ სურს უკრაინის ოკუპაცია.
„ვეცნობით ჩვენი დაზვერვისგან, აშშ-სგან, ბრიტანეთისგან, თურქეთისგან და ა.შ. მიღებულ ინფორმაციას. ერთია, როდესაც ამ ქვეყანაში ვინმე რაღაცას საჯაროდ ამბობს და მეორეა, როდესაც ვიცით რეალური ვითარება. ჯერ ერთი, მათ არ აინტერესებთ დიალოგი, რადგან დიალოგიდან სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ, ხოლო შედეგი, რომელიც მათ სურთ – ოკუპაციაა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსებს მოლაპარაკებებზე წასვლა იმ მომენტში მოუნდებათ, როცა გაიგებენ, რომ გეოპოლიტიკურ რუკაზე მარტო დარჩნენ და უკრაინის ოკუპაცია არ შეუძლიათ.