უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს ელექტროენერგიის დაზოგვის ინდივიდუალური სქემის არჩევისკენ მოუწოდა.
„რუსმა ტერორისტებმა ისეთი რთული პირობები შეუქმნეს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს, რომელიც ევროპაში უბრალოდ არავის უნახავს და არ შეხვედრია. არ ყოფილა ისეთი საფრთხეები, რომელიც ახლა ჩვენი სპეციალისტები იძულებულნი არიან დაძლიონ.
უკრაინის ბევრ ქალაქსა და რეგიონში ხდება ელექტროენერგიის მიწოდების ავარიული გათიშვა. გვიწევს ენერგიის მოხმარების შეზღუდვა. მაგრამ ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: ჩვენ გვჭირდება გამარჯვება რუსეთზე ენერგეტიკულ სექტორშიც“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მათი ამოცანა მტრის გეგმების ჩაშლა და უკრაინის დაცვაა.
„ახლა ჩვენ გვჭირდება ენერგიის გაცნობიერებული მოხმარება ყველა უკრაინელის მიერ. გთხოვთ, აირჩიოთ ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის საკუთარი სქემა, სანამ დეფიციტია ენერგოსისტემაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.