პოლონეთის სენატმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადა

პოლონეთის სენატმა რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადა.

ამის შესახებ პოლონური პრესის სააგენტო იტყობინება.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინასთან სასტიკი ომი წამოიწყეს“, რომლის მიზანია „სუვერენული ქვეყნის რუკიდან წაშლა და უკრაინელი ერის განადგურება.”

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარი დაუჭიროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნას, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხისმგებელი პირების დასასჯელად.

“უკრაინის მოქალაქეების მიერ დამოუკიდებლობის გმირულმა დაცვამ მთელი თავისუფალი სამყაროს აღფრთოვანება გამოიწვია. უკრაინა დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც იცავს დემოკრატიას და თავისუფლებას. რუსი დამპყრობლები ატერორებენ უკრაინის ქალაქების მცხოვრებლებს საბავშვო ბაღების, სკოლების, თეატრების და საცხოვრებელი რაიონების დაბომბვით. რუსული ფორმაში გამოწყობილი ბანდიტები აწამებენ და კლავენ სამხედრო ტყვეებს და სამოქალაქო პირებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს იანიჩართა რეჟიმის აღსაზრდელად. დეპორტირებენ, ასახლებენ და უკრაინელ მოქალაქეებს რუსეთის შორეულ პერიფერიებში აგზავნიან”, – აღნიშნავენ სენატორები.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩვენ კარგად ვიცით სახელმწიფო ტერორიზმის ყველა ეს აქტი ისტორიის ფურცლებიდან“.

სენატორები იხსენებენ, რომ „ევროპელებს სჯეროდათ, რომ მათ გენოციდი და ომის დანაშაულებების საფრთხე არ ემუქრებოდათ, ამასობაში, ვლადიმერ პუტინი და მისი ძალადობის აპარატი სტალინური და ნაცისტური რეჟიმების სასტიკ პრაქტიკას დაუბრუნდა“.

პოლონეთის სენატი ხაზს უსვამს, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს და ჩამოერთვას შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას მეზობლებს.

ისინი ასევე მოუწოდებენ სხვა ქვეყნებს, აღიარონ რუსეთის ფედერაციის მთავრობა ტერორისტულ რეჟიმად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები