გია ვოლსკი: კონკრეტულ „ქეისს” ვერ ასახელებენ, სადაც „კლანმა” გავლენა მოახდინა
“სასამართლო გადაწყვეტილებებზე პრეტენზია არავის აქვს, კონკრეტულ “ქეისს” ვერ ასახელებენ, სადაც “კლანმა” გავლენა მოახდინა, მე “კლანს” ვამბობ ბრჭყალებში, რადგან რაც უნდა ოდიოზური გავხადოთ კონკრეტულ მედიასაშუალებებში კონკრეტული პიროვნებების სახელები, ეს არ ნიშნავს, რომ ოდიოზურები არიან და კლანს ქმნიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის მოსამართლე წევრებად არჩევის საკითხის შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, მოსამართლეები დამოუკიდებლობით სარგებლობენ.
“მოსამართლეები საკმაოდ დიდი დამოუკიდებლობით სარგებლობენ და თუ დამისახელებთ რომელიმე “ქეისს”, სადაც მათი დამოუკიდებლობა არ ჩანს, შეიძლება, ამაზე ვიმსჯელოთ. მოიგონეთ, რა იყო – 100-პროცენტიანი წაგება ჰქონდა ნებისმიერს, ვინც დაუპირისპირდებოდა სასამართლოს, განსაკუთრებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს ხომ ახლახან იყო, ახლა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია და მნიშვნელოვნად შემცირებულია სტრასბურგში წასული საჩივრების რაოდენობა. თუ თქვენ ეს სტატისტიკა არ გიჩვენებთ იმას, რომ სასამართლო სტრუქტურა დამოუკიდებელია, მაშინ გადახედეთ რეიტინგებს, რომელიც ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს”, – განაცხადა ვოლსკიმ.