“საკრებულოში მისვლას მე გადავწყვეტ, მივალ, როდესაც საჭიროა და გავცემ შეკითხვებს პასუხს, როდესაც ამის დრო და აუცილებლობა იქნება”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უნდა მივიდეს.
კალაძის თქმით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია დედაქალაქის ისტორიაში უმძიმესი დღეა.
„კიდევ ერთხელ მინდა, შევეხო იმ ტრაგედიას, რომელიც 11 დღის წინ დატრიალდა. უმძიმესი დღე დედაქალაქის ისტორიაში, უმძიმესი დღე ოჯახისთვის, პირადად ჩემთვის ტრაგედია, რომელმაც გამანადგურა. პარალელურად, უნდა აღვნიშნო, რომ მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული, პასუხისმგებლობა ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების წინაშე, პასუხისმგებლობა იმ ასეულობით ათასი ადამიანის წინაშე, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. რა თქმა უნდა, დღეს აქ იმიტომ ვიმყოფები, რომ ეს სჭირდება ქალაქს და ვიქნებით იქ, სადაც თბილისის განვითარება მოითხოვს.
კახა კალაძეს ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უკან არასდროს დაუხევია. როდესაც ახლად არჩეულ საკრებულოში ვიყავი მისული, დავაფიქსირე ჩემი მზაობა თანამშრომლობაზე, პრობლემას ვერ ვხედავ. თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. ჩვენ გვახსოვს მათი დამოკიდებულება, ცილისწამება, შეურაცხყოფა, თუ რაიმე სიბინძურე შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა ყველაფერს კადრულობენ. საკრებულოში მისვლას მე გადავწყვეტ, მივალ როდესაც საჭიროა და გავცემ შეკითხვებს პასუხს, როდესაც ამის დრო და აუცილებლობა იქნება”,- აცხადებს კალაძე.