მიხეილ სარჯველაძე: უკრაინას ფეხზე მდგომი საქართველო სჭირდება, რომელიც რეალურად მეგობარი სახელმწიფოა

იმდენად აბსურდული და დაუსაბუთებელია სანქციების თაობაზე გადაწყვეტილება, რომ ამის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის მხრიდან საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის სანქციების დაწესების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშკარაა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში “მოკალათებული არიან ცალკეული ადამიანები და ცალკეული პოლიტიკური ძალები, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ, რომ რამენაირად ცეცხლის წამკიდებლის როლი ითამაშონ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში”.

„უკრაინელი ხალხის მიმართ გულისტკივილი მაქვს, რომლებიც ძალიან ხშირად არიან მსხვერპლი დიდ შეცდომებში შეყვანის თვალსაზრისით. იმდენად აბსურდული და დაუსაბუთებელია სანქციების თაობაზე გადაწყვეტილება, რომ სიმართლე გითხრათ, მაინც და მაინც ამის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია. ეს შეიძლება იყოს დიდი მცდელობა საიმისოდ, რომ დააშანტაჟონ საქართველოს ხელისუფლება ან საქართველოში ცალკეული პირები, რომ საქართველოში დატრიალდეს მსგავსი უბედურება, რაც ტრიალებს უკრაინაში. ეს არ არის საქართველოს ინტერესში და მინდა, უკრაინელი ხალხის გასაგონად ვთქვა, რომ ეს არ დაეხმარება უკრაინელი ხალხის ყოფას. უკრაინელ ხალხს გაჩანაგებული, გაუბედურებული და ომგამოვლილი საქართველო მეგობრად ნამდვილად არ სჭირდება. უკრაინას ფეხზე მდგომი საქართველო სჭირდება, რომელიც რეალურად მეგობარი სახელმწიფოა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები