დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის კამიკაძე დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ირანის სამხედრო ოფიცერი სეიედ ჰოჯატოლა კურეიში, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური მოჰამად ჰოსეინ ბაგერი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური საიდ აგაჯანი.
აღნიშნულ პირებს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება და მათი აქტივები გაყინული იქნება.
„უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ და უკანონო ომში ირანის მიერ რუსეთის მხარდაჭერა სამარცხვინოა. დღეს ჩვენ ვაწესებთ სანქციებს იმ პირებზე, რომლებმაც რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებზე დასამიზნებლად მიაწოდეს. ეს გლობალურ უსაფრთხოებაში ირანის დესტაბილიზირებადი როლის აშკარა მტკიცებულებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.