ივანე ჩხაიძე: ვადასტურებთ, რომ იაშვილის კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას აღარ ახორციელებს
“ვადასტურებთ, რომ ღამის 12 საათიდან იაშვილის კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას აღარ ახორციელებს. ეს დაკავშირებულია, პირველ ყოვლისა, კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იაშვილის კლინიკის რამდენიმე დეპარტამენტი თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
“რეგულირების სააგენტოს დასკვნის და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იაშვილის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, სრულიად არის გარემონტებული აბდომინური მედიცინის, ტრავმატოლოგიის, ორთოპედიის, ქირურგიის დეპარტამენტები, მაგრამ დარჩა რამდენიმე დეპარტამენტი, სადაც მდგომარეობა მართლა საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ სტაციონარული სერვისის მიწოდებას. მანამდე, პაციენტების მიღება იაშვილში იქნება შეჩერებული. სარემონტო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების უკან, რეალურად, დგას ინფექციის კონტროლი. ჩვენ დღეს გვექნება კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურებთან. გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველ რიგში, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.