ხელოვნების სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი

გიგა ლორთქიფანიძის დაბადებიდან 95 წლის საიუბილეოდ,  საქართველოს ხელოვნების სასახლეში ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და აქტიური საზოგადო მოღვაწეობის უკვდავსაყოფად, რეჟისორის ბიუსტი გაიხსნა.
საზეიმო ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე ქეთევან კიკნაძე, ახლობლები და ოჯახის წევრები დაესწრნენ.
„გიგა ლორთქიფანიძის გარდაცვალების შემდეგ, 2018 წელს, მსახიობმა ქეთევან კიკნაძემ მუზეუმს მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილის ავტორობით შესრულებული მეუღლის თაბაშირის ბიუსტი უსახსოვრა.
რეჟისორის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით კი, ოჯახის წევრების ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მუზეუმისათვის გადაცემული ბიუსტის ასლი ჩამოისხა, ხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში” სხვა ღვაწლმოსილ ადამიანთა ძეგლების გვერდით დაიდგა და საზეიმოდ გაიხსნა.
გიგა ლორთქიფანიძე გახლდათ გამოჩენილი ქართველი მსახიობი, რეჟისორი, რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს მე-3 და მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი და საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე. 1996 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. მიღებული აქვს საქართველოსა და სსრკ სახალხო არტისტის წოდება, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და საქართველოს სახელმწიფო პრემია.
გიგა ლორთქიფანიძე სხვადასხვა დროს იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრისა და თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი; 1967 წელს რუსთავში დააარსა სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1976 წლამდე; 1984-1986 წლებში გახლდათ საქართველოს ტელევიზიის მხატვრული ხელმძღვანელი; 1985 წლიდან – ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999-2000 წლებში კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი.
იგი ასზე მეტი სპექტაკლისა და ფილმის — მათ შორის, „დათა თუთაშხიასა“ და „თეთრი ბაირაღების” რეჟისორია.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უაღრესად აფასებს ქართული კულტურის გამორჩეული წარმომადგენლის – გიგა ლორთქიფანიძის შეტანილ წვლილს ქართულ თეატრსა და კინოხელოვნებაში, პატივს მიაგებს მის ხსოვნას.
საქართველოს სახალხო არტისტსა და გამოჩენილ რეჟისორს, გიგა ლორთქიფანიძეს 19 ოქტომბერს 95 წელი შეუსრულდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები