„გამოცდილებისა და ნოვაციების სინთეზი“ – “რესპუბლიკურის” ქირურგიული დეპარტამენტის ნახევარსაუკუნოვანი ისტორია და მიღწევები
გამოცდილი და პროფესიონალი ექიმები, სამეცნიერო მიღწევები მედიცინაში, უახლესი ტექნოლოგიები და ახალგაზრდული შემართება – ეს ყველაფერი ერთად რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაზე საუბრისას შეიძლება, ვახსენოთ.
ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიის მქონე განყოფილების შესახებ ბევრის დაწერა შეიძლება. მაგალითად, იცოდით, რომ საქართველოში პირველი მცირე ინვაზიური, იგივე ლაპაროსკოპიული ოპერაცია სწორედ რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში გაკეთდა?! იმ დროს, როცა მსგავსი ოპერაციები ჯერ კიდევ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვერ კეთდებოდა.
რესპუბლიკურის ქირურგიული განყოფილება იყო საქართველოში მომხდარი ყველა სტიქიური უბედურებისა და ომების „ფრონტის წინა ხაზზე“, ზოგჯერ – პირდაპირი მნიშვნელობითაც, რადგან 1992-93 წლებში განყოფილების ქირურგები აფხაზეთში, უდიდესი რისკის ქვეშ, სიცოცხლეების გადარჩენისთვის იბრძოდნენ.

მეტ საინტერესო დეტალს პროფესორი, თსსუ-ის ქირურგიის N1 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამერიკის ქირურგთა კოლეჯის წევრი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი, ზაზა დემეტრაშვილი გვიყვება.
საუბარს ისტორიული რაკურსით ვიწყებთ
„თავდაპირველად, 1974 წლამდე რესპუბლიკური საავადმყოფო ბაზირებული იყო მიხაილოვის საავადმყოფოს ტერიტორიაზე. ფუნქციონირებდა ქირურგიული განყოფილება და მუშაობდნენ შესანიშნავი ქირურგები. ძალიან წარმატებული განყოფილება იყო იმ დროისთვის და ცნობილი ქირურგები მუშაობდნენ. რაც შეეხება უშუალოდ ამ შენობას, სადაც ახლა ვიმყოფებით – გაიხსნა 1974 წელს და მას შემდეგ თითქმის 49 წელია, აქ ფუნქციონირებს ქირურგიული განყოფილება. თავიდან ორი ქირურგიული განყოფილება იყო, რომელთა გაერთიანების შედეგად დღეს არსებული დეპარტამენტია შექმნილი.
ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ კეთდებოდა ყველა ტიპის ქიურგიული ჩარევა, თუკი რამ შეიძლებოდა, გაკეთებულიყო იმ დროს საქართველოში. უნდა მოგახსენოთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (მაშინ ინსტიტუტი ერქვა), ბაზა. ამ ბაზაზე განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიული კათედრები, ანუ პროფესურა, ფაქტობრივად, აქ იყო – ძალიან დიდი ნაწილი ცნობილი ქირურგების და აკეთებდნენ იმ პერიოდისთვის ყველაფერს, რაც კი შესაძლებელი იყო (მეოცე საუკუნის 70-იანი, 80-იანი წლებისთვის)”

პირველი ლაპაროსკოპია
„დღეს მთელ მსოფლიოში, ქირურგიაში დიდი ადგილი უკავია ე.წ. მცირე ინვაზიურ ქირურგიას, რაც ნიშნავს ნაკლებ ტრავმულ ქირურგიას, რადგან მცირე განაკვეთები კეთდება, ამ მეთოდში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოპერაცია გახლავთ ლაპაროსკოპიული კოლეცისტექტომია (ლაპაროსკოპიულად ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა). პირველი ასეთი ოპერაცია 1987 წელს გაკეთდა საფრანგეთში და 1992 წელს, 5 წლის შემდეგ იგივე ოპერაცია გაკეთდა, საქართველოში პირველად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პროფესორმა თემურ ტაბუცაძემ გააკეთა ეს ოპერაცია და ფაქტობრივად, რესპუბლიკური საავადმყოფო ითვლება მოწინავედ. სხვათა შორის, მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ქვეყანაში არ კეთდებოდა ეს ოპერაციები და რესპუბლიკურში ძალიან წარმატებით ჩატარდა პროფესორ ტაბუცაძის მიერ, რომელმაც გერმანიაში ინტენსიური ტრენინგი გაიარა ამ საკითხზე. ასევე, ჩამოტანილ იქნა შესაბამისი აპარატურა და დამონტაჟდა. პირველ ნაბიჯებს დგამდა ეს მეთოდი მაშინ მსოფლიოში და ბევრ ქვეყანაში ვერ აკეთებდნენ“
აფხაზეთის ომი – ქირურგები ფრონტის წინა ხაზზე
საქართველოს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბევრი მძიმე პერიოდის გავლა მოუწია, იყო ბუნებრივი კატაკლიზმები, სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირებები, ორი ომი და პანდემია. რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი, მათ შორის, ქირურგიული განყოფილების ექიმები ყოველთვის სიცოცხლის გადარჩენის სადარაჯოზე იდგნენ, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი. პროფესორი ზაზა დემეტრაშვილი გვიყვება, რომ, მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, 2-3 დღის განმავლობაში ყველაზე მეტი დაჭრილი სწორედ რესპუბლიკურმა მიიღო და კვალიფიციური დახმარება გაუწია.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების კისერზე გადაიარა ყველა კატაკლიზმამ და ომმა, რაც კი საქართველოში მომხდარა. ძირითადი ბაზა იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტი. აფხაზეთის ომმა, სამაჩაბლოს ომმა, 2008 წლის ომმა მთლიანად ჩვენს კისერზე გადაიარა.
აფხაზეთის ომის დროს 1992-93 წლებში ჩვენი ბევრი ქირურგი იყო წასული და იქ მუშაობდნენ ზოგჯერ თვეების განმავლობაშიც კი. იქიდან დაჭრილი ხალხიც ჩამოჰყავდათ ჩვენთან და აქ ვმკურნალობდით. შემდეგ უკვე 2008 წლის ომი იყო, ფაქტობრივად, გორის სამხედრო ჰოსპიტალი ცეცხლის ხაზზე იყო, იქ მიჰყავდათ დაჭრილები და პირდაპირ ევაკუირება ხდებოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩვენმა ქირურგიულმა განყოფილებამ 2-3 დღის განმავლობაში რამდენიმე ასეული დაჭრილი მიიღო და კვალიფიციური დახმარება გაუწია. ამით იყო გამორჩეული ჩვენი საავადმყოფო, რომ ყველაზე მეტი დაზარალებული მიიღო“

თანამედროვე მედიცინა და უახლესი ტექნოლოგიური პროგრესი
თანამედროვე მედიცინა და თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე უკვე წარმოუდგენელია. ქართველი ქირურგებიც, რა თქმა უნდა, პროგრესს ფეხს უწყობენ და პრაქტიკაში სიახლეებს ნერგავენ. ნაკლებ ტრავმული ოპერაციები უახლესი ტექნიკის დახმარებით პაციენტებს საშუალებას აძლევს, ნაკლები გართულებების გარეშე, ნაკლებ დროში გამოჯანმრთელდნენ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას პროგრესში ის უახლესი აპარატურა ეხმარება, რითაც აღჭურვილია კლინიკა და რთული ოპერაციების შესრულება გაცილებით მარტივდება.
„ტრადიციული ღია ტიპის ოპერაციები ქირურგიულ დეპარტამენტში, ანუ ის ღია ოპერაციები, რომლებიც კეთდებოდა წლების წინაც, რა თქმა უნდა, დღესაც წარმატებით კეთდება. გარდა ამისა, ღია ოპერაციების მოცულობები გაიზარდა, ვგულისხმობ იმას, რომ მაგალითად 30-40 წლის წინ მთელი რიგი ღია ოპერაციები, რომლებიც უცხოეთში მაშინ ფეხს იდგამდა, საქართველოში ჯერ ვერ კეთდებოდა, რიგი მიზეზების გამო. მაგრამ ამ თანამედროვე ტექნოლოგიებმა, დიაგნოსტიკის თანამედროვე საშუალებებმა, რეანიმაციის განვითარებამ და, რაც მთავარია, ქირურგების ცოდნის ამაღლებამ და მაღალმა პროფესიონალიზმმა განაპირობა, რომ ისეთი რთული ოპერაციები, როგორიც არის პანკრეასი, სანაღვლე გზების რეკონსტრუქციული ოპერაციები, ღვიძლზე ოპერაციები, ჩვენს კლინიკაში ძალიან წარმატებით კეთდება.
დღეს უკვე ქირურგია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია და დიდი ადგილი დაიკავა ქირურგიაში ე.წ. მცირე ინვაზიურმა ქირურგიამ, რა დროსაც კეთდება მცირე განაკვეთი და სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით ხდება იმავე მოცულობის ოპერაციების გაკეთება, რაც, ვთქვათ, 30 წლის წინ ღია მეთოდით კეთდებოდა. გარდა ამისა, დაინერგა მსხვილ ნაწლავზე ლაპაროსკოპიული ოპერაცია. გადაუდებელი მთელი რიგი ოპერაციები კეთდება ლაპაროსკოპიულად.
წარმატების განმაპირობებელი, გარდა პროფესიონალი ექიმებისა, არის ის, რომ კლინიკა აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით. მაღალი კლასის აპარატურა საშუალებას გვაძლევს – თავისუფლად შესრულდეს რთული ოპერაციები.
ამას გარდა, ძალიან გვეხმარება მაღალი კლასის კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც 3 გვაქვს უკვე და სრულფასოვან დიაგნოსტიკაში დიდ დახმარებას გვიწევს, მაღალ დონის ენდოსკოპიური აპარატი. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ეს უადვილებს ქირურგიულ დეპარტამენტს, რომ არამარტო სწორი დიაგნოზი დასვას, არამედ შემდეგ სწორად უმკურნალოს და სწორად წარმართოს ოპერაციის შემდგომი მკურნალობა.
ასევე, რთული ქირურგიული ჩარევების მართვაში გვეხმარება ძალიან მაღალი დონის რეანიმაციული დეპარტამენტი, რომელიც ჩვენ საავადმყოფოშია. მე შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ საქართველოში საუკეთესო რეანიმაციული დეპარტამენტია რესპუბლიკურ საავადმყოფოში თავისი პროფესიონალი შემადგენლობით, რომლებიც ქირურგებისთვის დიდ იმედს წარმოადგენენ, რადგან ვიცით, რომ როცა რთულ პაციენტთან გვაქვს საქმე, ოპერაციის შემდგომ ამ პაციენტის მართვა ძალიან მაღალ დონეზე მოხდება”
რესპუბლიკური საავადმყოფო – ახალი თაობის ქირურგების სამჭედლო
„ჩვენი ქირურგიული დეპარტამენტის ბაზაზე მუშაობენ ქირურგები და პლუს ბაზაზე მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესურა, ანუ ქირურგიული დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი. ეს ძალიან ხელშემწყობი ფაქტორია მაღალი დონის ქირურგიული მომსახურებისთვის იმიტომ, რომ აკადემიური პერსონალი გამოირჩევა არამხოლოდ იმით, რომ კარგი ქირურგები არიან, არამედ მაღალი პროფესიონალიზმით, მეცნიერული ცოდნით, ისინი ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და იციან თანამედროვე მეცნიერული მიღწევები ქირურგიაში. შესაბამისად, ეს გადაეცემა იმ ქირურგებს, რომელთა გვერდითაც ჩვენ ვმუშაობთ. ახალგაზრდები – მაგალითად.
ჩვენი ქირურგები მონაწილეობენ სხვადასხვა კონფერენციაში და, რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული წინსვლა, მეცნიერული პუბლიკაციები, რომლებიც მაღალი დონის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში იბეჭდება. ჩვენი ქირურგები არიან ჩართული სხვადასხვა მულტიცენტრულ სამეცნიერო ქირურგიულ კვლევაში“
კოვიდი და ქირურგია
“რესპუბლიკური საავადმყოფო ერთ-ერთი პირველი და ერთგვარი ფლაგმანიც იყო კლინიკებს შორის კოვიდპანდემიის მართვისას. რაც მთავარია, აქ კეთდებოდა ქირურგიული ჩარევები კოვიდპაციენტებში, რაც ჯერ კიდევ სირთულედ და დიდ გამოწვევად მიიჩნევა მთელ მსოფლიოში.
„ჩვენს კლინიკას და, განსაკუთრებით, ქირურგიულ დეპარტამენტს კოვიდპანდემიის პერიოდში დიდი გამოცდილება დაუგროვდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქირურგიული დეპარტამენტი, რადგან კოვიდპაციენტებში ქირურგიული ოპერაციების საჭიროება დგებოდა და ამ მხრივ დიდი გამოცდილება დაგროვდა. სხვათა შორის, კოვიდპაციენტებში ქირურგიული პათოლოგიების მართვა მსოფლიოში დღესაც სირთულეს წარმოადგენს. მინდა გითხრათ, რომ კოვიდპაციენტთა ოპერაციების ყველაზე დიდი გამოცდილება ჩვენს საავადმყოფოში დაგროვდა”.

…და მაინც, რატომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილება ?!
რატომ უნდა აირჩიონ ადამიანებმა რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილება და რატომ უნდა ანდონ მას სიცოცხლე? პროფესორი ზაზა დემეტრაშვილი, გარდა მედპერსონალის პროფესიონალიზმისა, ხაზს ექიმების პიროვნულ ღირსებებს უსვამს, რაც ცხადია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ადამიანებს ვთავაზობთ პროფესიონალიზმს, ძალიან მაღალი დონის დიაგნოსტიკას როგორც ლაბორატორიულს, ასევე, ინსტრუმენტულს. ვთავაზობთ ქირურგიული ოპერაციების ფართო სპექტრს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან მუშაობს ე.წ. მულტიდისციპლინარული გუნდი, ანუ ჩვენ არ გვჭირდება სხვადასხვა საავადმყოფოდან რთული შემთხვევების დროს სხვა ქირურგების მოწვევა. ყველა სპეციალობის ქირურგი ჩვენთან მუდმივად, 24 საათის განმავლობაში არის. რაც მთავარია, ჩვენ ვთავაზობთ წესიერებას. ყველა ქირურგი, რომელიც ჩვენთან მუშაობს, გარდა იმისა, რომ პროფესიონალია, არის უაღრესად წესიერი ადამიანი”.
სამომავლო გეგმები
„სერიოზულად ვფიქრობთ მცირე ინვაზიურად პანკრეასის ქირურგიის აქტიურად დანერგვას, ასევე, მცირე ინვაზიური მეთოდებით ღვიძლის ქირურგიის განვითარებას, ღია ოპერაციებით კეთდება, მაგრამ – ლაპაროსკოპიულად. აქტიურად კეთდება გულმკერდზე თორადოსკოპიული ოპერაციების წარმოება და ამისთვის ველოდებით ინსტრუმენტებს და აღჭურვილობას, რაც კიდევ უფრო ახალ დონეზე აიყვანს ჩვენ ქირურგიულ განყოფილებას.
ჩვენი ქირურგიული დეპარტამენტი კიდევ იმით გამოირჩევა, რომ ჩვენთან მუშაობენ სხვადასხვა თაობის ქირურგები და არის საოცრად კარგი სინთეზი გამოცდილებისა და ახალგაზრდული შემართების. ძალიან ადამიანური, კოლეგიალური, მეგობრული ურთიერთობებია განვითარებული. ასევე რაც გამოარჩევს ჩვენ კოლექტივს, არის ურთიერთდაზღვევა, გამხნევება და დახმარება, რთული შემთხვევების დროს ყველას მობილიზება. ეს თავგანწირვა და შრომა საბოლოოდ აისახება კიდეც ძალიან კარგ შედეგებზე“