ეროვნულ გალერეაში რიტა ხაჩატურიანის გამოფენა – „სერენგეტი“ გაიხსნა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ეროვნული გალერეის ორგანიზებით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, რიტა ხაჩატურიანის გამოფენა – „სერენგეტი“ გაიმართა.
„სერენგეტის“ წარმდგენია გალერეა „ვანდა“.
„რიტა ხაჩატურიანი და მისი შემოქმედება ცნობილია როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მის ნამუშევრებს გამორჩეული ადგილი უკავია არაერთი ქვეყნის კერძო და სამუზეუმო კოლექციებში. გამოფენა „სერენგეტი“ მხატვრის სამწლიანი შრომის შედეგია, რომელიც სრულიად ახალ ეტაპს ქმნის მის შემოქმედებაში. ექსპოზიცია ტრადიციულ და ნოვატორულ მიდგომებს აერთიანებს. „სერენგეტი“ სიკვდილ-სიცოცხლის უწყვეტობისა და მუდმივი მონაცვლეობის სიმბოლოა, სიცოცხლის უსასრულო ველისა, რომელსაც ჩვენ, ადამიანები, მხოლოდ დროებით ვსტუმრობთ და შემდეგ ვტოვებთ.
„სერენგეტი“ მასაის ხალხის ენაზე უსასრულო ველებს ნიშნავს. ტანზანიიდან კენიამდე გადაჭიმული სერენგეტის რეგიონი ორ მილიონამდე ცხოველის წლიურ მიგრაციას მასპინძლობს. მოგზაურობის დასაწყისში ნახევარ მილიონამდე ახალი სიცოცხლე იბადება, ხოლო გზის ბოლომდე, სხვადასხვა მიზეზით, 250 000-მდე ცხოველი იღუპება. ამ ცხოველთა მსგავსად, ადამიანებსაც აქვთ თავიანთი „სერენგეტი“ – მიგრაციის, სიცოცხლისა და სიკვდილის ველი, ნამატითა და დანაკარგით.
რიტა ხაჩატურიანის ნამუშევრებში ასახულია ბუნებისა და ადამიანის თანაარსებობა და კონფლიქტები, ეკოსისტემის რღვევა და მისი ხელშეუხებელი სტრუქტურა; რესურსები, რომელთა ხარჯზე ვითარდება სიცოცხლე და ამ რესურსების ლიმიტი. ნამუშევრების სერიაში ასევე გამოკვეთილია დედის როლი. დედა, როგორც უწყვეტი ევოლუციური ჯაჭვის მთავარი რგოლი და გამაერთიანებელი, როგორც ახალი სიცოცხლის წყარო და ბუნების საიდუმლოს განმასხეულებელი“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა ეროვნულ გალერეაში 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.