პარლამენტში ფოტოგამოფენა – „საქართველოს ციხე-სიმაგრეები – ახალი შინაარსის მოლოდინში” გაიმართა
პარლამენტში კულტურის კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში, მოკვლევის შედეგების პრეზენტაცია და ფოტო-გამოფენა „საქართველოს ციხესიმაგრეები – ახალი შინაარსის მოლოდინში” გაიმართა.
„ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ყველას ამ პარლამენტში, ვინაიდან ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი ისტორია და ათასწლეულობით ჩვენამდე მოტანილი ისტორიის შენარჩუნება, მოფრთხილება და ახლებურად მიტანა მომავალი თაობისთვის არის ჩვენი ვალდებულება. ინტერესი და ზრუნვის საგანი რომ არის საერთო, ეს ძალიან კარგია და საინტერესოა, რომ ისევ და ისევ ჩვენმა ისტორიამ გააერთიანა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თემატური მოკვლევა საქართველოს საფორტიფიკაციო მემკვიდრეობის პრობლემებსა და პერსპექტივებზე, რომელიც კულტურის კომიტეტმა ჩაატარა საინტერესო შედეგებს მოიტანს, რაც შემდგომში ამ მიმართულებით მკაფიო პოლიტიკის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
„როდესაც კომიტეტმა ეს თემატური მოკვლევა დაიწყო, ჩვენ, პირველი პრეზენტაცია გვქონდა ხერთვისის ციხესთან. მაშინ იყო საუბარი იმაზე, თუ რა ზოგადი გამოცდილება არსებობს ევროპაში ციხესიმაგრეების და სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობების მოვლის და სხვა ფუნქციებით დატვირთვის მხრივ. მიხარია, რომ რამდენიმე თვე გავიდა და ამ თემატური მოკვლევის შედეგები უკვე თითქმის ბოლომდეა მიყვანილი და უკვე პრეზენტაციის სახით შეგვიძლია ვიხილოთ თუ რა მიგნებები აქვს ქართული რეალობის გათვალისწინებით ამ თემატურ მოკვლევას. ვფიქრობ, უკვე მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც ეს შედეგები გახდება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვისაც ხელმისაწვდომი, ჩვენ, ყველამ ერთად, თვალი მივადევნოთ, რომ ამ შედეგებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდეს ძალიან მკაფიო პოლიტიკა ამ მიმართულებით”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ გაწეული შრომისთვის და მხარდაჭერისთვის კულტურის კომიტეტს, კომიტეტთან არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფს და გაეროს განვითარების პროგრამას UNDP-ის მადლობა გადაუხადა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ და კულტურის კომიტეტის ინიცირებით მიმდინარე თემატური მოკვლევის ჯგუფის – „კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე საფორტიფიკაციო ნაგებობების კონსერვაცია/რესტავრაცია და ფუნქციური რევიტალიზაცია” ხელმძღვანელმა ალექსანდრე ელისაშვილმა.
როგორც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, კულტურულ მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე ნებისმიერი ტიპის ქმედება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განხორციელდეს.
„კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ კულტურულ მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე ნებისმიერი ტიპის ქმედება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის და ძეგლთა დაცვის მიდგომებით უნდა განხორციელდეს. ვიმედოვნებ, რომ კულტურის კომიტეტის მიერ თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები დაეხმარება სახელმწიფოს და კერძ სექტორს სწორი პოლიტიკის გატარებაში კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
აღნიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორი თანამშრომლობა.
„მთავრობამ უნდა მოამზადოს ერთგვარი ნებართვების პაკეტი და ციხე – სიმაგრეები გრძელვადიანი იჯარით გადასცეს კერძო კომპანიებს, მაგრამ სახელმწიფომ, კონკრეტულად კი ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, უნდა დაიტოვოს როგორც პროექტის შეთანხმების, ასევე ნებისმიერ დროს მუდმივი ზედამხედველობის უფლება. ფუნქციური ნაწილში კი კერძო კომპანიებს უნდა მიეცეთ თავისუფლება.
მე ღრმად მწამს, რომ ასეთი მართვის მოდელის შექმნით, ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ფიზიკურად გადავარჩენთ ამ ძეგლებს მთელს საქართველოში და ათიათასობით ადამიანს დავასაქმებთ”, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
ღონისძიებაზე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საპარლამენტო პროექტის ექსპერტმა, ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიამ მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობების მდგომარეობის, მათი დაცვისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია გააცნო. პარლამენტის კულტურის კომიტეტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის მხარდაჭერით, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს საფორტიფიკაციო მემკვიდრეობის – ციხე-სიმაგრეების, კოშკების, გალავნების და ციხე-დარბაზების დღევანდელი მდგომარეობის შესწავლა და ამ მემკვიდრეობის ახალი ფუნქციითა და შინაარსით დატვირთვის პერსპექტივების განხილვა. მოკვლევის ფარგლებში ჯგუფმა შეისწავლა კულტურული მემკვიდრეობის ამ სეგმენტის ქართული და საერთაშორისო მართვის მოდელები და მაგალითები. თემატური მოკვლევის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები აღსასრულებლად გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას.