გია ვოლსკი: ოპოზიციის ნაწილი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს
“ოპოზიციის ნაწილი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს და იკვებება ვითარებით, რომელიც პერიოდულად საქართველოში იქმნება. ხან ხანძარია, ხან მეწყერი, სამწუხაროდ, ადამიანების სიცოცხლე ეწირება გარკვეულ გარემოებებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, განვითარებულ დემოკრატიებში უბედურებები ხდება, მაგრამ ეს იმის წინაპირობა არ არის, რომ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მეორეს ისე შეუტიოს, რომ ამის საფუძველი არ ჰქონდეს.
„მე მგონია, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე იკვებება ვითარებით, რომელიც პერიოდულად საქართველოში იქმნება. ხან ხანძარია, ხან მეწყერი, სამწუხაროდ, ადამიანების სიცოცხლე ეწირება გარკვეულ გარემოებებს, მაგრამ ასეთი გააფთრებული შეტევა კონკრეტულ პიროვნებებზე მაშინ, როცა სურათი ჯერჯერობით აბსოლუტურად არ არის ნათელი, მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, ეს არის გარკვეული პოლიტიკური მიზნების რეალიზება. ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში ოჯახის ტრაგედიით სარგებლობა მიღებულია, განვითარებულ დემოკრატიებში უბედურებები ხდება, მაგრამ ეს იმის წინაპირობა არ არის, რომ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მეორეს ისე შეუტიოს, რომ ამის საფუძველი არ ჰქონდეს. რასაკვირველია, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ და ვისი ბრალეულობაც არის, მერი იქნება თუ კონკრეტული შემსრულებელი, არავის უნდა ასცდეს პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ვოლსკიმ.