„ვლადიმერ პუტინს შეუძლია კიდევ ერთი „მიღწევის“ ჩაწერა – მან მოკლა კიდევ ერთი ორსული ქალი“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 17 ოქტომბერს კიევზე დრონებით განხორციელებულ იერიშს.
მისი თქმით, მსოფლიოს შეუძლია და ეს ტერორი უნდა შეაჩეროს.
„როდესაც ვსაუბრობთ საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების საჭიროებებზე, ჩვენ ვსაუბრობთ რეალური ადამიანების სიცოცხლეზე, რომლებიც ტერორისტებს ეწირებიან“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ წარმატებით ჩამოაგდო ირანული წარმოების „შაჰიდის“ თვითმფრინავები, ეს საკმარისი არ არის.
„ჩვენი ცის გარანტირებული დაცვისთვის და რუსი ტერორისტების შესაძლებლობების ნულამდე დასაყვანად, ჩვენ საჰაერო თავდაცვის ბევრად მეტი თანამედროვე სისტემა და ასეთი სისტემისთვის რაკეტებით მეტი უზრუნველყოფა გვჭირდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.