სალომე ზურაბიშვილი: ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ჩვენი ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას ვნახავთ

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ სამივე ქვეყანა – უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროპული გზის შედეგს და ჩვენი ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას ვნახავთ. ეს ომი უკრაინის გამარჯვებით, უკრაინის რეკონსტრუქციით და ჩვენი და ევროკავშირის გაერთიანებით დასრულდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, სამივე ქვეყანამ ევროინტეგრაციის უფრო აქტიური ფაზა ასოცირებული ტრიოს სამიტიდან დაიწყო.

„უკრაინის ომმა ყველას დაანახა, თუ რა არის რუსეთის აგრესიის, რუსეთის იმპერიალური ხედვისა და ქცევის რეალური სახე. დღეს ამ გამოწვევის გამო და უკრაინის და მისი ხალხის თავდადების და გაუტეხლობის მეშვეობით, ახალი შესაძლებლობების გზაც გაიხსნა. ევროპამ არა მხოლოდ რუსეთი დაინახა სხვანაირად, არამედ სხვანაირად დაინახა ჩვენი ქვეყნები – ის ქვეყნები, რომლებიც ევროპისკენ მიიღვწოდნენ და რომელთათვისაც უკრაინის ომის შემდეგ ეს გზა უკვე ხსნილია. ეს გზა სამივე ქვეყნისთვის არის ევროპული პერსპექტივის გზა. უკრაინისთვის და მოლდოვისთვის უკვე მინიჭებული კანდიდატის სტატუსი, რისთვისაც მე კიდევ ერთხელ მინდა ამ შემთხვევაში, მოლდოვას ეს სტატუსი მივულოცო. ჩვენ ერთსა და იმავე პერსპექტივაში ვრჩებით და ერთი და იგივე გზაზე მივდივართ. ერთი და იგივე რეფორმები გვაქვს ჩასატარებელი. ჩვენი ცოტა სხვა კალენდარში ჯდება, იმ 12 რეკომენდაციის შესრულების გზით უნდა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს და მოლდოვას და უკრაინას აქვთ ასევე, თავიანთი რეფორმები ჩასატარებელი. სამივე ქვეყანამ ევროინტეგრაციის უფრო აქტიური ფაზა ასოცირებული ტრიოს სამიტიდან დაიწყო, რომელიც ბათუმში, პეტრას ციხის ტერიტორიაზე გაიმართა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სამივე ამ გზის შედეგს და ჩვენი ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას ვნახავთ. ეს ომი უკრაინის გამარჯვებით, უკრაინის რეკონსტრუქციით დასრულდება და ჩვენი და ევროკავშირის გაერთიანებით. ეს არის ის, რაც არის სიმბოლურად ნიშანი და გზავნილი პრაღის სამიტის, სადაც პირველად, ევროკავშირის წევრები და ევროკავშირის კანდიდატობის, თუ პერსპექტივის მქონე ქვეყნები ერთად, ერთი მაგიდის ირგვლივ დასხდნენ და ეს არის სიმბოლიკა იმისი, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთი ევროპული ოჯახის წევრი. ეს არის ჩვენი მომავალი და სხვა მომავალი, სხვა პერსპექტივა არც ერთს არ გაგვაჩნია. ამიტომ ჩვენ გვიწევს მეტი სოლიდარობა ჩვენ შორის, ორივე ქვეყნის შორის და გაძლიერება ჩვენი ურთიერთობების ამ კუთხით, მეტი სოლიდარობა ასევე ევროკავშირთან და ევროკავშირს ჩვენს მიმართ, იმიტომ რომ ჩვენი მომავალი განუყოფელი არის, ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება განუყოფელია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები