ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი კლინიკიდან გაწერეს
ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ გაწერეს. როგორც კლინიკის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ციბაძემ განაცხადა, 13 წლის ლაზარეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„დასჭირდება ფსიქოლოგი, შეიძლება ნევროლოგი კონსულტაციების დონეზე. ბავშვი მკურნალობის მხრივ, ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ჯანმრთელია“, – აღნიშნა ციბაძემ.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში 3 ბავშვს შადრევანში დენმა დაარტყა. თვითმხილველების თქმით, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. ერთ-ერთი არასრულწლოვანი 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მეორე მოზარდი საავადმყოფოდან 14 ოქტომბერს გაწერეს.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.