ლაშა ფურცხვანიძე: ძალიან ბევრი დამთხვევაა – ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ ამ აუზში, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს

ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის გამოკითხვა ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამით დასრულდა.

როგორც ფურცხვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაკის პარკის შადრევანი არა მხოლოდ ქართველებს, არამედ უცხოელ სპეციალისტსაც შემოწმებული ჰქონდა.

„ჩვენ ყველა სამუშაო გვქონდა წესების დაცვით გაკეთებული, რაც პროექტში იყო, რაც მოთხოვნაა საქართველოს კანონმდებლობით და ზოგადად, ასეთი ტიპის სამუშაოების მოსაწყობად. ძალიან ბევრი დამთხვევაა-მეთქი, იმ დღესაც გითხარით, იმიტომ, რომ ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ ამ აუზში, ამოწმებდნენ, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს, არა მარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც, ასევე შემოწმებული აქვთ უკვე ექსპერტებსაც. ამის შემდეგ ალბათ შეამოწმებს ექსპერტიზა, მოდით გამოძიებამ გაგვცეს პასუხი“, – განაცხადა ფურცხვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში 3 ბავშვს შადრევანში დენმა დაარტყა. თვითმხილველების თქმით, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. ერთ-ერთი არასრულწლოვანი 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მეორე მოზარდი საავადმყოფოდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მესამე მოზარდს კი, ექიმის ინფორმაციით, კლინიკიდან დღეს გაწერენ.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია  240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები