კოტე ზარნაძე ვაკის პარკში დაშავებულზე: ლაზარემ იცის, რომ ფილტვების ანთება აქვს, არ ახსოვს ის მომენტი
გლდანის მაჟორიტარის კოტე ზარნაძის ინფორმაციით, ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მას მომხდარი არ ახსოვს.
“ლაზარემ იცის, რომ გაციებულია, ფილტვების ანთება აქვს, არ ახსოვს ის მომენტი. რაც უფრო დიდხანს არ ემახსოვრება ჩვენთვის ეს კარგია, იმიტომ რომ გვინდა, ეს ამბავი გაიგოს ფსიქოლოგების ჩართულობით შესაბამის გარემოში”, – თქვა კოტე ზარნაძემ.
13 ოქტომბერს, ვაკის პარკში 3 ბავშვს შადრევანში დენმა დაარტყა. თვითმხილველების თქმით, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. ერთ-ერთი არასრულწლოვანი 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რაც შეეხება დანარჩენ ორ მოზარდს, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოდან გუშინ, 14 ოქტომბერს გაწერეს, მეორე მოზარდის მდგომარეობა კი გაუმჯობესდა და ის მართვით სუნთქვიდან მოხსნეს.
მომხდარზე გამოძიება დაწყებული 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.