გიგა გიგაშვილი: შადრევანი დიდი ხანია, გატესტვის რეჟიმშია, ექსპერტიზაც ჩაუტარდა, თუმცა, რამ გამოიწვია, ნამდვილად ვერ გეტყვით

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის განცხადებით, შადრევანი არაერთხელ იყო გატესტილი და რაიმე პრობლემა რომ ყოფილიყო, ექსპლუატაციაშიც ვერ შევიდოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს გამოკითხვაზე შესვლამდე განუცხადა, ვაკის პარკში ახლად რეაბილიტირებული შადრევანი დილითაც გაიწმინდა, ჩაირთო და პრობლემა არ ჰქონია.

„ძალიან დიდი ხანია, გატესტვის რეჟიმშია. ექსპერტიზაც ჩაუტარდა, თუმცა, რამ გამოიწვია, ნამდვილად ვერ გეტყვით. ჩატარდება ექსპერტიზა და დაადგენს, თუ რამ გამოიწვია მომხდარი.

შადრევანი დილითაც გაიწმინდა. ჩვეულებრივ ჩაირთო და არანაირი პრობლემა არ ჰქონია. შესაბამისად, რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა, ექსპლუატაციაშიც ვერ შევიდოდა. ფიზიკურად ვერ ჩაირთვებოდა. რა თქმა უნდა, რამდენჯერმე სატესტო რეჟიმშიც იყო ჩართული და მათ შორის, ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებდნენ ამ შადრევანს – ჩართულსაც-გამორთულსაც. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა“, – განაცხადა გიგაშვილმა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი ამ წუთებში ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. გიგაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

შეგახსენებთ, დღეს დილით, მაშინ – როცა 13 წლის მოზარდები სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს კი დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები