„ყველას გვაქვს შესაბამისი პასუხისმგებლობა, დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც უკვე დაწყებულია“ – ანრი ოხანაშვილი – ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე
ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ასეთ უპასუხისმგებლო ქმედებაზე, რამაც უმძიმესი შედეგი გამოიწვია, შესაბამისი პასუხი უნდა მოეთხოვოს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
“იქ ნებისმიერის შვილი შეიძლება, ყოფილიყო – ორი აზრი არ არის, რომ ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ასეთ უპასუხისმგებლო ქმედებაზე, რამაც უმძიმესი შედეგი გამოიწვია, შესაბამისი პასუხი უნდა მოეთხოვოს. ყველას გვაქვს შესაბამისი პასუხისმგებლობა, დაველოდოთ გამოძიებას, პროცესს, რომელიც უკვე დაწყებულია“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს დილით, მაშინ – როცა 13 წლის მოზარდები სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს კი დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული.