მარინა მუსხელიშვილი: არ ვარ პუტინისტი – ნეგატიური დამოკიდებულება ჩვენი შუშის ხიდის მიმართ არაერთხელ გამომითქვამს, იმედი მქონდა, რომ რიყეს მოევლებოდა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა
თსუ-ის პროფესორი, მარინა მუსხელიშვილი მისი “ფეისბუქ” პოსტის მისამართით საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მოგესალმებით, დილიდან მირეკავენ ჟურნალისტები გუშინდელ სტატუსთან დაკავშირებით. ამდენად, საჭიროდ მიციჩნიე, აქ დავდო განმარტება.
მე არ ვარ პუტინისტი, ცხრა თვეა – ისევე, როგორც ყველა, გაფაციცებით ვაკვირდები მოვლენებს და ვგულშემატკივრობ უკრაინას, ვინაიდან, როგორც მინიმუმ, იქ ჩვენი ბედიც წყდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ამაში დარწმუნდეს, თუკი თვალს გადაავლებს ჩემს ფბ-ს, რომელიც ღიაა.
გუშინ, ისევე – როგორც ყველა, ველოდი პუტინის მხრიდან უკრაინის დასჯას ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის, და კიდევ მეტს ველოდი, ვიდრე მოხდა. როდესაც დავინახე რომ კიევი შედარებით (ჩემს მოლოდინთან) ნაკლებად დაზიანდა, ცოტა გავმხნევდი. შუშის ხიდის ვერაფეთქების კადრები კი ირონიულიც კი მომეჩვენა და მომინდა კომენტარი იმაზე რომ ადამიანები იღუპებიან, შუშის ხიდები კი რჩება. შეიძლება კარგად ვერ გამოვხატე, ან სმაილები უნდა დამემატებინა პოსტში. სხვათა შორის ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება ჩვენი შუშის ხიდის მიმართ არაერთხელ გამომითქვამს. იმედი მქონდა რომ 2012 წლის შემდეგ რიყეს მოევლებოდა მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა.
ამით ვამთავრებ საკითხის კომენტირებას. პოსტი კომენტარებისთვის დაკეტილია”, – წერს მუსხელიშვილი.
ცნობისთვის, მუსხელიშვილმა სოციალურ ქსელში მანამდე დაწერა: “შემოდგომის ამინდია მშვიდი, მზეზე ისევ ელავს შუშის ხიდი.
ვერ ვიტან შუშის ხიდებს. აი, შუშის ხიდი, რომ გადარჩა, ამას ვერ ვინელებ. ერთი სიკეთე შეეძლო პუტინს და ისიც ვერ ქნა. ყველა დავიხოცებით და ეს შუშის ხიდები ამაყად იბატონებენ ნანგრევებზე”.