ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებებს შორის ზღვარის არარსებობით.
„კანონის მიღება აუცილებელია გამოძიების პროცესში გამომძიებელსა და პროკურორს შორის ფუნქციების იმგვარი გადანაწილების მიზნით, რომ გამოძიების კონკრეტული ეტაპების მიხედვით განისაზღვროს თითოეულის პასუხისმგებლობის ხარისხი, აღმოიფხვრას ერთი სუბიექტის ხელში თვისობრივად განსხვავებული ფუნქციების თავმოყრით გამოწვეული ინტერესთა კონფლიქტი და უზრუნველყოფილი იქნას როგორც საგამოძიებო, ისე საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობა”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება მნიშვნელოვანი რეფორმაა. „ეს ერთმნიშვნელოვნად გაზრდის არა მარტო საპროკურორო საქმიანობის, არამედ გამოძიების ეფექტიანობას. გაზრდის არა მხოლოდ პროკურორისა და გამომძიებლის კომპეტენციებს, არამედ დაცვის მხარისთვისაც მნიშვნელოვანი რეფორმა იქნება, რადგან ყველას ეცოდინება მასთან ურთიერთობაში მყოფი სუბიექტების უფლებამოსილებების ფარგლები”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.