“ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის სპეცსამსახურები დგანან” – პუტინი კიევს ახალი “პასუხებით” დაემუქრა

მოსკოვი მკაცრად უპასუხებს უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ორგანიზებულ ტერაქტებს,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხიდის აფეთქების უკან “კიევის რეჟიმი” დგას.

„კრიმინალისტიკური და სხვა ექსპერტიზის მონაცემები, ასევე, ოპერატიული ინფორმაცია მიუთითებს, რომ 8 ოქტომბრის აფეთქება არის ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. ასევე, აშკარაა, რომ დამკვეთები, ორგანიზატორები და ტერაქტის  შემსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები არიან“, – განაცხადა პუტინმა.

გარდა ამისა, მან კიევი ბირთვულ ტერორიზმის აქტებში – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვასა და კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დივერსიის მცდელობაში დაადანაშაულა.

„უკრაინის სპეცსამსახურებმა ასევე განახორციელეს სამი ტერაქტი კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე, რამაც არაერთხელ დაარღვია ელექტროსადგურის მაღალი ძაბვის ხაზების მუშაობა. მესამე ასეთი თავდასხმის შედეგად, ერთდროულად დაზიანდა სამი ასეთი ხაზი. მიღებული ზომებით, ზარალი უმოკლეს დროში აღმოიფხვრა, რაიმე სერიოზული შედეგი არ მოჰყოლია“, – განაცხადა მან.

რუსეთის ლიდერმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, აეფეთქებინა გაზსადენი “თურქული ნაკადი”.

“ასეთი ქმედებებით კიევის რეჟიმმა თავი საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფებს გაუთანაბრა, ყველაზე ოდიოზურ ჯგუფებთან. ასეთი დანაშაულების უპასუხოდ დატოვება უბრალოდ შეუძლებელია”, – ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.

კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა უკრაინაში ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

“თუ ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და მასშტაბებით მომდინარე საფრთხეების შესაბამისი. ამაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს”, – შეაჯამა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები