„დაგეგმილი ცვლილებები ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობას წაახალისებს“ – ირაკლი იზორია

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობას წაახალისებს, – ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ტექდათვალიერების რეფორმის მიმდინარეობის ფარგლებში ხარვეზებია. იზორიამ პარლამენტში ინიცირებული ის ცვლილებები შეაფასა, რომელიც ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  გამკაცრებას ითვალისწინებს.

„მინდა, საუბარი აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ანგარიშით დავიწყო, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ 2022 წელს გამოიცა. ამ ანგარიშის მიხედვით, მთელი რიგი ხარვეზებია დადგენილი და ინსპექტირების რეფორმის გაუმჯობესების მიმართულებით ძალიან ბევრი რეკომენდაციაა გაცემული. აუდიტის სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ზოგადად ინფორმაციის, სტატისტიკის არარსებობაა, რაც ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის პროცესს ხელს უშლის. შესაბამისად, აუცილებელია, სტატისტიკური ინფორმაცია შეგროვდეს. იგივე გამონაბოლქვის კუთხით არ ვიცით, თუ რომელი დამაბინძურებლებით ხდება ჰაერში გაფრქვევა, შესაბამისად, მის კონტროლს ვერ ვახერხებთ. როგორც 2 წლის წინ იყო დაანონსებული, შესაბამის გარემოს დაცვის სამსახურებში ინსპექცია უნდა შემქნილიყო, რომელიც ზოგადად გზისპირა ინპექტირებას განახორციელებდა და შავი, მუქი გამონაბოლქვის კონტროლი მოხდებოდა. ჯერ ეს სახეზე არაა. აუდიტის სამსახურის მიერ ესეც ერთ-ერთ ხარვეზადაა მიჩნეული. ასევე მთელი რიგი ხარვეზებია დადგენილი უშუალოდ ინსპექტირების ცენტრებში არსებული კადრების მიმართულებით. ისინი არ ფლობენ შესაბამის კვალიფიკაციას და გამოკითხულთა უმრავლესობას შესაბამისი ტრენინგები გავლილი არ აქვს. ამიტომ ერთ-ერთი რეკომენდაციაა ის, რომ მათი გადამზადება სწრაფად მოხდეს. ასევე განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე. ვიცით, რომ ინსპექტირების ცენტრები სხვადასხვა ელექტრონულ ბაზას იყენებენ, ერთიანი ბაზა არ აქვთ და ეს სამინისტროს ხელს უშლის, გარკვეული სტატისტიკური მონაცემები აწარმოოს, გამოიკვლიოს, თუ რა პრობლემებთან გვაქვს საქმე. მნიშვნელოვანია, ელექტორნული ბაზის გაერთიანება მოხდეს.

რაც შეეხება აღსრულების მიმართულებას – აქაც მთელი რიგი ხარვეზებია დადგენილი. ვიცით, რომ პარლამენტში უკვე მიმდინარეობს მუშაობა იმის შესახებ, რომ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზი გამოსწორდეს, რაც 30 -დღიან ვადაში 50 ლარის გადახდას გულისხმობს. ვიცით, რომ მოქალაქეები ჩვეულებრივად იხდიან ამ თანხას და ისევ გაუმართავი ავტომობილებით დადიან. კარგია, რომ ცვლილებების მიღება მოხდება. ეს პერიოდული ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობას წაახალისებს.

პრობლემებია აღსრულების ნაწილშიც. როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშში ვკითუხლობთ, ყველაზე ძირეული პრობლემა აღსრულებას უკავშირდება და ვიდეოკამერებთან არსებულ სიტუაციას ეხება. პირდაპირ ამბობენ, რომ კამერებს, რომელიც „112 -ის“ მიერაა დამონტაჟებული, ე.წ. დეტექციის ფუნქცია არ გააჩნიათ. როცა ვიდეოკამერა მწყობრიდან გამოდის, თუ მისი შემოწმება ხელით არ მოხდა, დაუდგენელი რჩება, როდის გამოვიდა მწყობრიდან. ამიტომ, ხშირად ამბობენ, რომ ვიდეოკამერებით აღსრულება არ ხდება, ანუ არ ვჯარიმდებითო. ერთ-ერთი რეკომენდაცია ისაა, რომ „112 -მა“ ეს კამერები დეტექციის ფუნქციით აღჭურვოს, რათა მწყობრიდან გამოსული კამერების შესახებ შეტყობინება მარტივად მიიღონ. ასევე აუცილებელია, ტექინსპექტირების მიმართულებით შემოწმება საპატრულო პოლიციის მხრიდანაც მოხდეს. ვიცით, რომ დღეს მხოლოდ კამერებზეა ეს რეფორმა დამოკიდებული. ამიტომ რეკომენდაციაა, რომ აღსრულება მოახდინონ, ვინაიდან, თუ აღსრულება არ იქნება, ეს რეფორმა წინ ვერ წავა. ჩვენი რეკომენდაციაცაა ის, რომ აღსრულების მიმართულება გაძლიერებული უნდა იყოს“ – განაცხადა იზორიამ.

ცნობისთვის, ავტომობილების ტექინპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და დამატებითი ჯარიმები წესდება.
“ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში“ ცვლილებები მმართველმა გუნდმა მოამზადა და პარლამეტში უკვე ინიცირებულია.

მოქმედი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კოდექსი აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციას არ ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის, ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას:
ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით;
იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით.
იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოთხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს:
ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
იგივე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს:
ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები